პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიას და ოპოზიციას ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მედიაც და ოპოზიციაც მეტი პასუხისმგებლობით უნდა გამოირჩეოდეს, როდესაც საზოგადოებას ესაუბრება.
„ყველას გთხოვთ, რომ დრამატიზირება არაა საჭირო. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვიყავი ბაქოში, ეს იყო სამუშაო, მეგობრული შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან. მე დიდი ხანია, რაც არ მქონდა შესაძლებლობა, მენახა პრეზიდენტი ალიევი. ეს მეგობრული მონახულების ვიზიტი იყო. ჩვენ ვიმსჯელეთ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო, სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ და ასევე, გაღრმავებაზე. ამ საკითხის ირგვლივ, გთხოვთ, რომ სპეკულაციები დასრულდეს, ვინაიდან ეს აზიანებს ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. არავითარი გადახედვა არ იგეგმება. აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობები იყო, არის და დარჩება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად. როგორ შეიძლება, პოლიტიკოსმა აზერბაიჯანთან პოლიტიკის გადახედევაზე იფიქროს, ესაა სრული აბსურდი. მე გაკვირვებული ვარ ასეთ აბსურდულ თემებს როგორ იგონებენ ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. არავითარი დივერსიფიკაცია. აზერბაიჯანის გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიდის, ეს არის სრული აბსურდი. ეს არ შეესაბამება სიმართლეს და გთხოვთ, რომ მოსახლეობა ნუ შეგყავთ და ნუ შეჰყავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს შეცდომაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, ალიევთან შეხვედრის დროს, საუბარი ასევე შეეხო აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს, რომელიც საქართველოში 6 ნოემბერს ჩამოვა.