ირაკლი სესიაშვილი კომიტეტში მინდია ჯანელიძის მიუსვლელობის მიზეზებს ასახელებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი კომიტეტში მინდია ჯანელიძის მიუსვლელების მიზეზს ტექნიკური პრობლემებით, კერძოდ კი, მივლინებებით ხსნის.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარემ, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის მინისტრის მისვლის საკითხი კიდევ ერთხელ დასვა და კომიტეტის თავმჯდომარეს ის შეთანხმება შეახსენა, რომლის მიხედვით, მინისტრი კომიტეტის წინაშე თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და თავდაცვის უზრუნველსაყოფის ამსახველი ანგარიშით უნდა წარმდგარიყო.
როგორც სესიაშვილმა განმარტა, მინისტრი საკუთარ ანგარიშვალდებულებას პარლამენტის წინაშე ადასტურებს, მზად არის, შესაბამისი ანგარიში კომიტეტს წარუდგინოს, თუმცა, მისივე განმარტებით, პარლამენტში, აქამდე, მინდია ჯანელიძის მიუსვლელობის მიზეზი ერთის მხრივ, თავად მინისტრის და ასევე, მის მიერ უცხოეთში დაგეგმილმა მივლინებებმა განაპირობა. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, მინდია ჯანელიძე კომიტეტში ანგარიშით უახლოეს მომავალში მივა, როგორც კი ეს ტექნიკურად მოხერხდება.
სესიაშვილის პასუხად ჩიქოვანმა განაცხადა, რომ შეუძლია კონკრეტული კალენდარული დღეების დასახელება, როცა თავდაცვის მინისტრიც და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეც თბილისში იმყოფებოდნენ, მაგრამ მის მოსასმენად საკომიტეტო სხდომა არ დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ გვინდა, რომ ეს რეგიონი გახდეს სამაგალითო, სამეგრელოში არის უზარმაზარი პოტენციალი, როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანური რესურსი, რომელსაც სჭირდება ეფექტიანი გამოყენება
შემდეგი სტატიამაშველებმა მდინარე რიონიდან ორი ბავშვი გამოიყვანეს