ირაკლი ნადირაძე – თბილისის მერიის ქვემდებარე 8 ორგანიზაციას სახელფასო დანამატები დაუწესდა

თბილისის მერიის ქვემდებარე 8 ორგანიზაციას აპრილის თვეში ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებით სახელფასო დანამატები დაუწესდა , – ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახლახანს მათთვის ცნობილი გახდა, რომ აპრილის თვეში განხორციელებული ცვლილებების პროგრამული ბიუჯეტით წლის ბოლომდე მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები გაზრდილ ხელფასს, პრემიებსა და დანამატს მიიღებენ. ჯამში სულ სახელფასო დანამატის ცვლილება ერთ მილიონ ლარზე მეტია. ნადირაძემ დაასახელა ის მერიის ქვემდებარე ორგანიზაციები, რომელთაც სახელფასო დანამატი დაუწესდათ. ესენი არის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, კულტურული ღონისძიებების ცენტრი, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი, თბილისის განვითარების ფონდი, თბილისის ბოტანიკური ბაღი, ევროპულ ახალგაზრდული ცენტრი და თბილისის ზოოლოგიური პარკი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოში ასევე კომენტარი გააკეთა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა თბილისის” თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ნარმანიას მთავრობამ ვერ აითვისა ბიუჯეტიდან 140 მილიონი ლარი და ამ ღირებულების პრობლემები დატოვა თბილისელების ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამის საპირისპიროდ მუდმივად იზრდება მერიის სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანების შრომის ანაზღაურება, დანამატები და პრემიები.
“თანამდებობების დატოვების შემდეგ მერიის სხვადასხვა უწყებებში გადაბარგებული ყოფილი მაღალჩინოსნები ცდილობენ ეს დანამატები შეინარჩუნონ. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა “მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი”, რომელსაც ორი თვის განმავლობაში არაფერი არ გაუკეთებია და 300 000 ლარი უნდა დაიხარჯოს ამ ადამიანების სახელფასო დანამატებისთვის. საინტერესოა “თბილისის განვითარების ფონდი”, რომელსაც არც ერთი ხელშესახები პროექტი 10 თვის განმავლობაში დედაქალაქში არ გაუკეთებია და სახელფასო დანამატი 600 000 ლარი უნდა დახარჯოს. საუბარია “ევროპულ ახალგაზრდულ ცენტრზე”, სადაც მერის ყოფილი მოადგილე, ალუდა გოგლიჩიძეა ხელმძღვანელი. ამ ცენტრს არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ მის თანამშრომლებს სახელფასო დანამატი ჰქონდეთ. როგორც ჩანს, თბილისის მერი არ აპირებს არც ერთი პროექტის განხორციელებას, სადაც მისი ჩინოვნიკების გამდიდრება არ არის გათვალისწინებული. ყველაფერთან ერთად ბიუჯეტის სახელფასო ანაზღაურების ზრდაზეც არ ამბობენ უარს”, – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაში“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიადიდუბის პანთეონი იხურება