ირაკლი ალასანია – ჩვენი პარტია დისკრიმინაციის ყველა ფაქტს სამართლებრივი გზით დაუპირისპირდება

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან მისი პარტიის წევრების დისკრიმინაცია მიმდინარეობს.
როგორც ალასანიამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებს პარტიული კუთვნილების გამო სამსახურიდან ათავისუფლებენ, რაც არა მათი “კონსპირაციული აზროვნების შედეგად წარმოშობილი პრობლემა, არამედ ფაქტია”.
ალასანია ამ წუთებში ახალციხეში იმყოფება, სადაც ადგილობრივი სასამართლო, რაიონის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეობიდან “თავისუფალი დემოკრატების” გათავისუფლებული წარმომადგენლის, შალვა გოგოლაძის სარჩელს განიხილავს.
“შალვა გოგოლაძე არის ცხადი მაგალითი იმისი, რომ “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოტივით – მისი პარტიული კუთვნილების გამო. მე იმედი მაქვს, რომ სამართლიანი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება და მას აღუდგება ის უფლებები, რაც იმის გამო ჩამოართვეს, რომ არის “თავისუფალი დემოკრატების” წევრი. ანალოგიურ ფაქტებს აქვს ადგილი სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის აჭარაში. ასე, რომ ეს არის ფაქტი და არა ჩვენს მიერ კონსპირაციული აზროვნების შედეგად წარმოჩენილი პრობლემა. ეს არის ფაქტი იმისი, რომ ჩვენი პარტიის წევრების დისკრიმინაცია მიმდინარეობს და მათი სამსახურიდან დათხოვნა ხდება პარტიული კუთვნილების გამო”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის თქმით, პარტია მათი წარმომადგენლების დისკრიმინაციის ყველა მსგავს ფაქტს სამართლებრივი გზით დაუპირისპირდება.
“ჩვენ სწორედ ის პარტია ვართ, რომელსაც გვჯერა სამარლიანობის და ინსტიტუტების. რაც არ უნდა გაზრდილიყო სასამართლოსადმი უნდობლობა ბოლო წლების განმავლობაში, ერთადერთი სწორი გზა პოლიტიკური ბრძოლის არის სწორედ სამართლებრივი გზა. თუკი დღეს სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება კარგი პრეცენდენტი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის”, – აღნიშნა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა.
“თავისუფალი დემოკრატების” წევრი, ახალციხის საკრებულოს იურიდიული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე შალვა გოგოლაძე თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიესტონეთში არჩევნები პროდასავლელმა რეფორმატორებმა მოიგეს
შემდეგი სტატიაგიორგი ბაქრაძე – ჩვენ შემდგომშიც ვიზრუნებთ იმაზე, ფასების სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი