ირაკლი ალასანია – ურთიერთობები, რომელიც საკრებულოს ფრაქციის წევრებთან მაკავშირებს, არასდროს გაქრება

ბიძინა ივანიშვილს გამბედაობა არ ეყოფა რომ ეს გააკეთოს

ურთიერთობები, რომელიც საკრებულოს ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრებთან მაკავშირებს, არასდროს გაქრება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ფრაქციის მიერ საკრებულოში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე პარტიის შიგნით განხილვა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
“ეს რამდენიმეთვიანი მსჯელობის, შიდადისკუსიის საგანი იყო. ჩემს მეგობრებთან მაკავშირებს მრავალწლიანი ბრძოლა სამართლიანობისთვის, ადამიანური ურთიერთობები, რაც არასდროს არ გაქრება. მაგრამ, დღეს მათ გააკეთეს პოლიტიკური არჩევანი და მე, როგორც პარტიის ლიდერმა მივიღე გადაწყვეტილება. ეს არის და ეს”, – აღნიშნა ალასანიამ.
საკრებულოს ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელ ფრაქციად განაგრძობს, – ამის შესახებ ფრაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, ფრაქციამ “თავისუფალ დემოკრატებს” პარტიიდან გასვლასთან დაკავშირებით 31 მარტს მიმართა.
“გზა, რომელიც “თავისუფალმა დემოკრატებმა” ერთად გავიარეთ, იყო საკმაოდ რთული და მძიმე. იყო ბრძოლა ცხრაწლიანი რეჟიმის წინააღმდეგ და ვფიქრობთ, მის დამარცხებაში ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანეთ. ერთად, მივაღწიეთ ქვეყნის მართლაც თავისუფალ და დემოკრატიულ განვითარებას და გვინდა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ეს გზა გავიარეთ დიდი მადლობა გადავუხადოთ, თუმცა ბოლო პერიოდში რიგ საკითხებზე პარტიასა და ჩვენს შორის თანხვედრა არ იყო, რაც გვინდა აღვნიშნოთ, ჩვენი შიდა და პირადი საკითხია. ვთვლით, რომ საკრებულოში ჩვენი ფრაქციის მიერ ყველა მიღებული გადაწყვეტილება, იყო გააზრებული, ობიექტური და მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული. გამომდინარე აქედან, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე საკრებულოში მუშაობა განვაგრძოთ როგორც დამოუკიდებელმა ფრაქციამ. ვიყოთ თავისუფალნი პარტიული ვალდებულებებისაგან, რადგან ვთვლით, რომ ჩვენი ვალდებულება ამომრჩევლის წინაშე უფრო მნიშვნელოვანია”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები’’-ის ლიდერი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაოთარ დანელია კომპანიის Louis Dreyfus Commodities წარმომადგენლებს შეხვდა