ირაკლი ალასანია – პრეტენზია, რომელიც დე ფაქტო თუ ფორმალურ პრემიერთან მაქვს, ის არის, რომ მათ ქვეყანას წაართვეს შესაძლებლობა, მეტად დაცული ყოფილიყო

მთავარი პრეტენზია, რომელიც მაქვს დე ფაქტო, თუ ფორმალურ პრემიერ-მინისტრთან, ის არის, რომ მათ ამ ეტაპზე წაართვეს ქვეყანას შესაძლებლობა, მეტად დაცული ყოფილიყო ჩვენი საჰაერო სივრცე, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის პარლამენტში მისვლის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
ირაკლი ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ დეპუტატები დაუსვამენ კითხვებს თავდაცვის მინისტრს, თუ რატომ არ შედგა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმება.
“სწორი და ნორმალურია, რომ ღია საპარლამენტო საკომიტეტო მოსმენები იყოს იმ საკითხზე, რაც ხალხს აღელვებს და ერთ-ერთი მთავარი, რაც აღელვებს ჩვენს საზოგადოებას, არის ის, თუ რამდენად დაცულია ქვეყანა. მთავარი პრეტენზია, რომელიც მაქვს დე ფაქტო თუ ფორმალურ პრემიერ-მინისტრთან, არის ის, რომ მათ წაართვეს ამ ეტაპზე ქვეყანას შესაძლებლობა, მეტად დაცული ყოფილიყო ჩვენი საჰაერო სივრცე. ამაზე შეკითხვები არსებობს საზოგადოებაში და პასუხები უნდა გასცეს ჯანელიძემაც, ღარიბაშვილმაც და ივანიშვილმაც. რაც შეეხება იმ თემას, თითქოს სახელმწიფო საიდუმლოებაზე ღიად საუბარი არ შეიძლება, ვერც ერთ ფაქტს ვერ მოიყვანენ, რომ მე მესაუბროს ქვეყნისთვის საიდუმლო თემებზე. მე მაინტერესებს ქვეყნის პოლიტიკურ და სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულ იქნა, რატომ დაუპირისპირდა ივანიშვილი და ღარიბაშვილი და რატომ არ შედგა ეს შეთანხმება”, – განაცხადა ალასანიამ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, კვლავ რჩება დღის წესრიგში საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი.
“ვერანაირი ნდობის ჯგუფის შეხვედრა ვერ ჩაანაცვლებს და ვერ შეცვლის იმ მიდგომას, რომ ეს უფრო ფართო და კომისიის წესით უნდა იქნას განხილული. აქ საუბარია ჩვენი მაღალი თანამდებობის პირების სტრატეგიულ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და იმ ნდობის ჯგუფში ტაქტიკური, ოპერატიული თემები შეიძლება განიხილონ და ის საჯარო არც უნდა გახდეს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მინდია ჯანელიძეს ხვალ თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტსა და ”ნდობის ჯგუფში” მოუსმენენ.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური – შს სამინისტროზე ძალიან შალვა აბულაძის დაკავება არავის უნდა
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ პოლიციელის უფლებამოსილებებში ცვლილებები საჭიროა