ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ მისი პარტია 2016 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ გამოცემა Мир и политика-სთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, როგორი იქნება კონფიგურაცია ქართულ პოლიტიკაში მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ირაკლი ალასანია ფიქრობს, რომ მისი პარტია გაიმარჯვებს და ასევე შეძლებს მთავრობის ფორმირებას.
“ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ დამოუკიდებლად, თუმცა მომავალში ვითანამშრომლებთ საღად მოაზროვნე ადამიანებთან, მათ შორის “ქართული ოცნებიდან”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” და სხვა პოლიტიკური ძალებიდან. რატომ მჯერა ჩვენი წარმატების? 40%-მდე ამომრჩეველს ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვს ვის მისცემს ხმას. ეს სეგმენტი ელოდება ივანიშვილის და სააკაშვილის ალტერნატივას. საზოგადოებისთვის მათი მმართველობის სტილი მიუღებელია. სწორედ ჩვენ ვართ ასეთი ალტერნატივა”, – განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისინი შეძლებენ გააერთიანონ ყველა პროდასავლური, პროგრესული ძალა.
რაც შეეხება კითხვას, რას ფიქრობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ აქტივობაზე უკრაინაში და რა შეუძლია სააკაშვილს ამ ქვეყანას გაუკეთოს, ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილზე ფიქრი მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ის 2012 წლის არჩევნებში დაამარცხეს.
“ვფიქრობ, საქართველოში მას და მის მოძრაობას რეაბილიტაციის საშუალება აღარ ექნება. ჩვენს საზოგადოებას არ დავიწყებია მისი მტკივნეული რეპრესიები. ამავე დროს, ჩვენ არ შეგვიძლია ვინმეს ავუკრძალოთ მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვტილებები, მათ შორის სააკაშვილის მიწვევასთან დაკავშირებით. უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ მას მთელი გულით ვგულშემატკივრობთ და ვუსურვებთ წარმატებებს”, – განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით, სააკაშვილი იქ არაფერ კარგს არ გააკეთებს.

banner
წინა სტატიაშიგორის რაიონის სოფელ ფლავისმანში მკვლელობა მოხდა
შემდეგი სტატიაზურაბ ტყემალაძე: ყველა პრობლემას ეკონომიკური გუნდი პასუხს გასცემს