ირაკლი ალასანია – მთავრობა, რომლის მიმართაც ნდობა არ აქვთ, ქვეყანას კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ ცვლილებები მთავრობაში საბოლოოდ პრემიერ-მინისტრსაც შეეხება, თუმცა რაც უფრო გაჭიანურდება ეს პროცესი, მით უფრო მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ჯიბეს, ლარის კურსსა და ქვეყნის განვითარებას.
როგორც ალასანიამ “ინტერპრესნიუსს” მთავრობაში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განუცხადა, მოქმედი მთავრობა ჯერ კიდევ 4-5 თვის წინ უნდა შეცლილიყო და ტექნიკური მთავრობა დანიშნულიყო.
“ბოლო ოთხი თვის განმავლობაში აშკარად ჩანდა, რომ ფიქტიური პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი პასუხისმგებლობას იცილებდა ყველაფერზე, მაგრამ დღეს კიდევ ნათლად გამოჩნდა, რომ თავად ივანიშვილსაც მხოლოდ და მხოლოდ იგივე პოზიცია აქვს, რაც აქამდე ჰქონდა _ თითქოს არაფერი კატასტროფული არ ხდება ქვეყანაში. ეს ყოველდღიურად აისახება ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე. აქედან გამომდინარე კრიზისი, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში არსებობს, სამწუხაროდ, კიდევ უფრო გაღრმავდება. არ არსებობს ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მთავრობას ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ უნდა ჰქონოდა. ჩემი გადმოსახედიდან ეს ცვლილება აბსოლუტურად არანაირად არ შეცვლის და პირიქით, კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას, ვინაიდან ისეთი მთავრობა, რომლის მიმართ არც საზოგადოებას, არც საკუთარ ბიუროკრატიას საჯარო სამსახურში და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს ნდობა არა აქვთ, რა თქმა უნდა, ქვეყანას კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისი შეფასებით, ასეთ ვითარებაში გამოსავალი იყო ერთადერთი – შეცვლილიყო ეს მთავრობა, ჩამოყალიბებულიყო თავისი ბუნებით ტექნიკური მთავრობა, რომელიც სასწრაფოდ შექმნიდა ანტიკრიზისულ გეგმას და ქვეყანას შემდეგ არჩევნებამდე ნაკლები დანაკარგებით მიიყვანდა.
“ეს არ მოხერხდა და ისევ გრძელდება არაფორმალური მართვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. აქედან გამომდინარე, ვითარების მთელ სიმძიმეზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ახალი მხოლოდ ორი მინისტრი იქნება
შემდეგი სტატიანიკა მელია – ვიმედოვნებ, პროკურატურა გონიერებას გამოიჩენს და ბესო გაზდელიანის პატიმრობას არ მოითხოვს