ირაკლი ალასანია – იური ვაზაგაშვილის მკვლელობა შორს მიმავალი მიზნებისთვის მოხდა

ბიძინა ივანიშვილს გამბედაობა არ ეყოფა რომ ეს გააკეთოს

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას აზრით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა შორს მიმავალი მიზნებისთვის მოხდა და ამას შეიძლება ქვეყანაში ძალიან სახიფათო მოვლენები მოჰყვეს.
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მკვლელობის მიზანია საზოგადოებაში გაჩნდეს დიდი დაუცველობის განცდა და გარკვეულად პოლიტიკური არასტაბილურობის გარემოს შექმნა.
“იური ვაზაგაშვილის ეს შემზარავი, ცინიკური, სასტიკი მკვლელობა, ჩემი აზრით, უფრო შორს მიმავალი მიზნებისთვის მოხდა. მე ამაში ვხედავ მოტივს, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს დიდი დაუცველობის განცდა და გარკვეულწილად პოლიტიკური არასტაბილურობის გარემო შეიქმნას ქვეყანაში, ამიტომ, მიუხედავად იმისა, მე პირადად და ჩვენს პარტიას რა დამოკიდებულება გვაქვს იმ პროკურატურის მიმართ, რომელიც პოლიტიკური დევნით არის დაკავებული, ამ ყველაფერს გვერდზე ვწევთ და ჩვენ მართლაც დაინტერესებული ვართ, რომ ძალიან სწრაფად, ობიექტურად მიაკვლიოს პროკურატურამ სიმართლეს. ამას მართლაც შეიძლება მოჰყვეს ქვეყანაში ძალიან სახიფათო მოვლენები”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ და დასძინა, რომ საზოგადოება ასეთი დანაშაულის გაუხსნელობას ვეღარ აიტანს.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშითამაზ სუხიაშვილის ცხედარი ქაშუეთის ეკლესიიდან სამხედროებმა გამოასვენეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა გადაიდო