ირაკლი ალასანია: ივანიშვილს და სააკაშვილს ერთმანეთი სჭირდებათ (video)

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, მისი პარტია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მთავრობის იმპიჩმენტის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ბრიუსელში მყოფმა ირაკლი ალასანიამ ქართველს ჟურნალისტებს განუცხადა.
“ივანიშვილს და სააკაშვილს ერთმანეთი სჭირდებათ, რომ ხალხი დააშინონ ერთმანეთით. ამიტომ, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს და ჩვენს მომავალს არც ერთი არ სჭირდება. საქართველოს სჭირდება განვითარება, საქართველოს არ სჭირდება დაბრუნება სააკაშვილის წარსულში”, – განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე მისული ხალხი, ძირითადად გამოხატავდა იმ სულისკვეთებას, რომელიც მთელ საქართველოშია, რომ უმოქმედობამ საქართველო დახია უკან.
“თავისუფალი დემოკრატები” ვიმოქმედებთ ზუსტად ისე, როგორც სჭირდება ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას და წავიყვანთ ქვეყანას წინ. ძალიან მალე ჩვენ გვექნება ჩვენი ეკონომიკური განვითარების გეგმის პრეზენტაცია.
ჩვენი დღის წესრიგით შევალთ პარლამენტში და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ ინიციატივას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ”, – განაცხადა ალასანიამ.
“ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კონსულტაციები გამართოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, მათ შორის დამოუკიდებელ დეპუტატებთან.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს მიმართავს, უზრუნველყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიწვევა ყოველწლიურ მოხსენებაზე
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე: იარეს, იარეს და შევარდნაძის დროინდელ მოსამართლეს ჩააბარეს სასამართლო სისტემა