ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, მერია ჯანდაცვისა და ბაღების დაფინანსების შემცირებას აპირებს

ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით პროგრამები თბილისის ბიუჯეტში 7 მილიონი ლარით მცირდება, – ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” თავამჯდომარე ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
ირაკლი აბესაძემ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა. მან ის მუხლები და პროგრამები წარმოადგინა, რომელთაც შესაძლოა ცვლილება შეეხოთ.
ირაკლი აბესაძის განცხადებით, ნარმანია ცდილობს კიდევ უფრო გაუმჭვირვალე და ჩაკეტილი გახადოს თბილისის მერია და საკრებულოსთან თანამშრომლობას არ აპირებს. აბესაძის თქმით, თბილისის ბიუჯეტი პროგრამული არ არის, მასში შესატანი ცვლილებები მუხლობრივად არ არის ჩაშლილი თუ როგორ უნდა დაიხარჯოს თანხები. აბესაძის ინფორმაციით, 44 ერთეულით იზრდება მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა.
“როგორც ჩანს, დავით ნარმანიას კიდევ დარჩა დაუსაქმებელი ნათესავები”, – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.
მისივე თქმით, “მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრისთვის”, რომელსაც ალექსანდრე მარგიშვილი ხელმძღვანელობს, გათვალისწინებულია 2 მილიონამდე ლარი, 670 000 ლარი გათვალისწინებულია მერიის ვებ-გვერდის განვითარებისათვის, ასევე 38 მილიონი ლარის ტრანსფერით გაიზრდება 2015 წლის ბიუჯეტი და ეს თანხები გათვალისწინებულია ოლიმპიადის სამშენებლო და მოსაწესრიგებელი სამუშაოებისათვის.
რაც შეეხება სხვა პროგრამებს, აბესაძის განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროგრამები 7 მილიონი ლარით შემცირდება, 4 მილიონი ლარით მცირდება ამხანაგობების პროგრამაც, ამასთან უქმდება ავტოპარკინგის მშენებლობის პროგრამები, ხოლო მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლის პროგრამა კი 0,5 მილიონი ლარით შემცირდება. მისივე თქმით, 1,5 მილიონი ლარით შემცირდება ბაღების დაფინანსებაც.
ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებით ბარათში მიზეზები არ წერია, თუ რატომ მცირდება ესა თუ ის მუხლი. მთლიანობაში, აბესაძის განცხადებით, 47 მილიონით გაიზრდება თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი და ეს მოხდება ოლიმპიადის სამუშაოების დასასრულებლად გამოყოფილი ტრანსფერის ხარჯზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია – არც ერთი ინვესტორი არ ჩადებს ფულს, თუკი იცის, რომ მეზობელ ქვეყანას ნებისმიერ დროს შეუძლია, ხელი აფათუროს შენს საშინაო საქმეებში
შემდეგი სტატია“გაერთიანებული დემოკრატები” დედაქალაქის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ