ინტერნეტის თავისუფლების კუთხით საქართველო რეგიონში ლიდერობს

Freedom House-ის 2015 წლის ანგარიშში ინტერნეტის თავისუფლების თვალსაზრისით, საქართველო კვლავ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა და წინა წლებთან შედარებით, პოზიცია ორი ქულით გააუმჯობესა.

ქვეყნისთვის ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგის მისანიჭებლად Freedom House სამი მთავარი კრიტერიუმით ხელმძღვანელობს, ესენია, ინეტრნეტზე წვდომა, კონტენტის [შინაარსის] შეზღუდვა და მომხმარებლის უფლებები. ანგარიში 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

აღნიშნული ქულით, საქართველო სამი კატეგორიის ჯგუფიდან კვლავ პირველში [0-30] – თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში მოხვდა. საქართველოს მსგავსად, 24-ე პოზიციაზეა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და უნგრეთი. ინტერნეტის თავისუფლების კუთხით, პირველ ხუთეულს ისლანდია, ესტონეთი, კანადა, გერმანია და აშშ იკავებენ. ირანი, ჩინეთი, სირია, კუბა და ეთიოპია კი ამ ნუსხას ასრულებენ.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, საქართველოს შემდეგ ყველაზე კარგ პოზიციაში სომხეთია 28 ქულით. სხვა მეზობელი ქვეყნები ნაწილობრივ თავისუფალი [31-60] ან არათავისუფალი ქვეყნების [61-100] ჯგუფებში მოხვდნენ. აზერბაიჯანი 56-ე პოზიციაზეა და ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში შედის. ასევეა, თურქეთი 58 ქულით. მეზობელ ქვეყნებს შორის არათავისუფალ ქვეყნად წარმოდგენილია მხოლოდ რუსეთი – 62 ქულით.

ორგანიზაციის ანგარიშში წერია, რომ საქართველოში მოსახლეობის წვდომა ინტერნეტზე 5%-ით არის გაზრდილი, მაგრამ კვლავაც მაღალი ფასებია მომსახურებაზე, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა სუსტია და ინტერნეტის სიჩქარე დაბალია, განსაკუთრებით სოფლად.

“სახელმწიფოს გაცხადებული აქვს რომ მომავალ წლებში ამ პრობლემებს გადაწყვეტს, თუმცა, ზუსტი სტრატეგია ციფრული განვითარებისა, ჯერ არ არსებობს”, – წერია ანგარიშში.

აქვე ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში, უშუალოდ სახელმწიფო უწყებების მიერ საჯარო ცენზურის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

“პირიქით, ონლაინ კონტენტი საკმაოდ მრავალფეროვანი ხდება და ინტერნეტ- მომხმარებლები უფრო ხშირად იყენებენ სოციალური მედიის ინსტრუმენტს საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის გასავრცელებლად. საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა რომ ონლაინ კონტექსტის წაშლის არცერთი შემთხვევა. არ არის დაკავებული არცერთი ჟურნალისტი ან ბლოგერი”, – წერია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაში“არცერთი ცვლილება არ განხორციელებულა, რაც ბიზნესის კეთებას გაართულებდა”
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე:სწორედ ხელისუფლების ინტერესში შედის, რომ ეს კადრები სისტემატურად ვრცელდებოდეს