“იმედი გვაქვს, რომ ამ უპრეცედენტო კონსენსუსის ფაქტს სათანადო გამოხმაურება მოყვება საპარლამენტო უმრავლესობაში”

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხზე პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ქვეყნის პირველი პირის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე გაფორმებულ დოკუმენტს “უპრეცედენტო კონსენსუსად” აფასებს.
როგორც პატარაიამ კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას იმედი აქვს, რომ “კონსენსუსის ამ უპრეცედენტო ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან სათანადო გამოხმაურება მოჰყვება”.
“ჩვენ მივესალმებით ამ უპრეცედენტო კონსენსუსს, რომელიც დღევანდელ კონფერენციაზე შედგა. საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი ყოველთვის მოწოდებულია კონსენსუსისკენ, თანხმობისკენ და არა დაყოფისკენ. შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ უპრეცედენტო კონსენსუსის ფაქტს სათანადო გამოხმაურება მოყვება საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარტიების, ასევე სხვა პოლიტიკური ძალების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან და უფრო მაღალი კონსენსუსის საწყისი იქნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს კონფერენციის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ.
მისივე შეფასებით, სისტემა, რომელზეც კონფერენციაზე მიღებულ დოკუმენტშია საუბარი, პარლამენტში ამომრჩევლის ნების პროპორციულ ასახვას უზრუნველყოფს.
“ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის მუდმივი პრობლემა, რომელსაც ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოლო პერიოდში აქვს ადგილი. ის სისტემა, რაზეც დოკუმენტშია საუბარი, უზრუნველყოფს პარლამენტში ამომრჩევლის ნების პროპორციულად ასახვას. იმედი გვაქვს, რომ ეს სისტემა თავიდან აგვაცილებს პოლიტიკურ კატაკლიზმებს და უფრო სტაბილურად განვითარდება ქვეყანა”, – აღნიშნა დავით პატარაიამ.
ავლაბრის სასახლეში პრეზიდენტის ინიციატივით გამართული კონფერენციის მონაწილეებმა საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე დოკუმენტი გააფორმეს. შეთანხმებას ხელს 8 არასამთავრობო ორგანიზაციის და 14 პოლიტიკური პარტიის, მათ შორის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები აწერენ.
დოკუმენტში, რომლითაც ავტორები პარლამენტის წევრებს მიმართავენ, ჩამოყალიბებულია ხედვა, თუ როგორ უნდა შეიცვალოს კონსტიტუციის ის ნორმა, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება, კერძოდ, ხელმომწერი პოლიტიკური ძალები და არასამთავრობო ორგანიზაციები საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ წინადადებით, გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: მიხეილ სააკაშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარეობის დატოვებაზე საუბარი ნაადრევია
შემდეგი სტატიაოდესაში ახალ გუბერნატორს ელოდებიან–www. timer.ge პირდაპირი ტრანსლაცია