ილია მეორე: მადლობა უფალს, რომ ეს გამოცდა ჩვენმა ხალხმა ღირსეულად ჩააბარა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოში მომხდარ სტიქიურ უბედურებას კიდევ ერთხელ ეხმიანება და ამბობს, რომ ეს იყო განსაცდელი, გამოცდა ქართველი ერის.
როგორც მისმა უწმინდესობამ საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, ქართველმა ხალხმა ეს გამოცდა ღირსეულად ჩაატარა, ვინაიდან მთელი ერი გამოვიდა გაჭირვებულთა დასახმარებლად.
“ადამიანი ვერ მისწვდება იმ მოვლენებს, რომელსაც ღმერთი კაცობრიობას მოუვლენს. აი ის მოვლენა, რომელიც ჩვენ განვიცადეთ ამ დღეებში, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ღმერთი არის გამგებელი ყოვლისა სოფლისა, ღმერთი მოუვლენს განსაცდელსაც და სიხარულსაც. მე ადრეც მითქვამს ძველი აღმოსავლური გამოთქმა – “ჰოი სიხარულო, შენ ხარ საწყისი მწუხარებისა და ჰოი მწუხარებავ, შენ ხარ საწყისი სიხარულისა”. ასეთი ცვალებადობაა სიხარულსა და მწუხარებას შორის”, – ბრძანა პატრიარქმა და აღნიშნა, რომ ადამიანი, ისევე, როგორც კაცობრიობა, მზად უნდა იყოს სიხარულისთვისაც და მწუხარებისთვისაც.
“ჩვენ ვმადლობთ ყველაფრისთვის უფალს. ვმადლობთ მისი დიდი წყალობისთვის. ეს იყო განსაცდელი, ეს იყო გამოცდა ქართველი ადამიანის და მადლობა უფალს, რომ ეს გამოცდა ჩვენმა ხალხმა ღირსეულად ჩააბარა. მთელი ხალხი გამოვიდა გაჭირვებულთა დასახმარებლად. ეს იყო მართლაც სიხარულის და სიყვარულის გამოვლინება. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღმერთი გვაძლევს ამ თანაგრძნობას, ამ მადლს, მთელი ახალგაზრდობა გამოვიდა გაჭირვებულთა დასახმარებლად და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძენით, როგორი ძლიერია ჩვენი სამშობლო, როგორი მადლიანია ქართველი ადამიანი”, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
მისივე თქმით, ამ განსაცდელის დროს უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმაც გამოიჩინეს დიდი სიყვარული სამშობლოს მიმართ და ყველაფერი გააკეთეს, რათა პრობლემების დაძლევაში მიეღოთ მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშიმზიურში ტერიტორიის თერმული ნისლით დამუშავება დაიწყო
შემდეგი სტატიახელისუფლებაში ბევრს თავი ,,კონკიას,, გმირი ჰგონია,,