“ივანიშვილმა საგანელიძეზე თქვა, რაც გააფუჭა იმაზე მეტს ვეღარ გააფუჭებს და ეს საარჩევნო ციკლი ამ პოსტზე ჩაამთავროსო”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ, პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან საუბრის შემდეგ მიიღო. ამის შესახებ გაზეთი „ალია“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ცნობით, ბიძინა ივანიშვილი დავით საგანელიძით უკამყოფილოა. კერძოდ კი, ბიძინა ივანიშვილმა საგანელიძეს, „ქართული ოცნების“ ცენტრალური, რეგიონული და რაიონული ოფისების 50-ზე მეტი სხვადასხვა დონის ხელმძღვანელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის დამადასტურებელი ფაქტები უჩვენებია.

მან ასევე, საგანელიძეს რამდენიმე პარტიული ლიდერის „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობის დამადასტურებელი სხვადასხვა სახის მტკიცებულება დაუდო წინ.

„საგანელიძეს გულითაც რომ სურდეს, „ქართული ოცნებიდან“ მაინც ვერ იყრის კენჭს, რადგან მისთვის ექსპრემიერს უთქვამს, იმდენი შეცდომა დუშვი, 10 კაცისთვისაც კი ზედმეტია, ამიტომ პოლიტიკაში ჩვენი გზები გაიყოო.

ივანიშვილს საგანელიძესთვის უსაყვედურია, რომ ვერც ერთ არჩევით დონეზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიები სათანადოდ ვერ დააკომპლექტეო. იგულისხმება, უმთავრესად, აჭარის პარლამენტი, თბილისის საკრებულო და ასევე, რეგიონებში საკრებულოთა უმრავლესობა. საგანელიძის გარეშე რაიონის საკრებულოს დეპუტატის წარდგენაც კი არ ხდებოდა და ლომის წილი საერთო ჩაფლავებულ საქმეში სწორედ მას მიუძღვის.

ივანიშვილი მარტო ამიტომ არ არის უკმყოფილო საგანელიძით. მისთვის „ქართული ოცნების“ ცენტრალური, რეგიონული და რაიონული ოფისების 50-ზე მეტი სხვადასხვა დონის ხელმძღვანელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის დამადასტურებელი ფაქტები უჩვენებია. მეტიც, მრავალი მათგანის სპეცსამსახურების მიერ გადაბირების მტკიცებულებები, ამ ხალხის მიერ დაწერილი ხელწერილები, რომ ნებაყოფლობით თანამშრომლობდნენ მათთან. მათი უმრავლესობა კუდ-ის აგენტი ყოფილა, ნაწილი სამხედრო დაზვერვისა, ნაწილი კი, ჯერ კიდევ 2006-2007 წლებიდან სოდ-ის აგენტი იყო. ივანიშვილს უთქვამს საგანელიძისთვის, აქედან 10 კაცი რომ მაინც გაგეშიფრა შესაძლოა, ხმა არ ამომეღო, მაგრამ 50-ზე მეტი აგენტი წამყვან პოზიციებზე ისე დანიშნე, ერთში ეჭვი არ შეიტანე, თუ შეცდი, ეს ხომ უბედურებაა და თუ იცოდი და მაინც დანიშნე, ეს უკვე სხვა საქმეა, უფრო დიდი უბედურება. აქ დავსვათ წერტილი, მორჩა, ამის შემდეგ ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთო.

ივანიშვილს „ხურდად“ საგანელიძესთვის კიდევ რამდენიმე პარტიული ლიდერის „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობის დამადასტურებელი სხვადასხვა სახის მტკიცებულება დაუდია წინ, მათი ფარული შეხვედრების ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, მათ შორის, უცხოეთში მათი ფარული შეხვედრების დამადასტურებელი ფაქტები, ასევე, სატელეფონი საუბრების ჩანაწერები და სხვა სახის ინფორმაციები.

ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ივანიშვილს საგანელიძის კადრები გაუშიფრავს და „ნაციონალების“ დროინდელ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში უმხელია“,-აცხადებს წყარო.

წყაროს ცნობითვე, ეს სრულიად საკმარისი მიზეზი იყო ივანიშვილისთვის, რომ საგანელიძეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტი დაეტოვებინა, მაგრამ ივანიშვილს უთქვამს, რაც გააფუჭა, იმაზე მეტს ვერაფერს გააფუჭებს და ეს საარჩევნო ციკლი დაასრულოს ამ პოსტზეო.

გამოცემის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ახლო მომავალში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში და პარტიის რეგიონულ და რაიონულ ფილიალებში, დიდი წმენდა დაიწყება და ამის მთავარი მიზეზი ის კომპრომატები იქნება, რაც სხვადასხვა დონის პარტიულ ლიდერებზე ივანიშვილს გააჩნია. ასევე, ამავე საფუძველზე, რაიონებში, გამგეობის თანაშრომლები, საკრებულოს რამდენიმე თავმჯდომარე და სხვა თანამდებობის პირები დატოვებენ პოსტებს.

banner
წინა სტატიაში87 წლის ქალბატონი უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილის მოლოდინშია
შემდეგი სტატიაჩხუბი უკრაინის პარლამენტში (ვიდეო)