იენს სტოლტენბერგი: კიდევ რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, წვლილი შეიტანოს საქართველოში საწვრთნელი ცენტრის ამოქმედებაში

ნატო მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გააკეთა.
მისივე თქმით, ნატო გმობს რუსეთის მიერ საქართველოში გადადგმულ ნაბიჯებს და შეშფოთებულია რუსეთის მიერ აფხაზეთთან გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებით, იმ გეგმების გამო, რომლის მიხედვითაც მსგავსი შეთანხმების გაფორმება სამხრეთ ოსეთთანაც იგეგმება.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნის საკითხი.
“ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი, სადაც ალიანსის, საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცები ერთად გაივლიან წვრთნებს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატო-სთვისაც” – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, სხდომაზე კიდევ რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოში საწვრთნელი ცენტრის ამოქმედებაში.
სტოლტენბერმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს ნატო-სა და ევროკავშირის მისიებში მონაწილეობის კუთხით. ამას გარდა, ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო პროგრესს განიცდის, აგრძელებს რეფორმებს და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც მისასალმებელია.

banner
წინა სტატიაშიმორიგი ხმაურიანი სხდომა პარლამენტში – დეპუტატებმა ამჯერად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იკამათეს
შემდეგი სტატიავალერი გელაშვილი ამტკიცებს, რომ მას ცემისთვის თავად დამნაშავეებმა ბოდიში მოუხადეს