თურქმენეთის პრეზიდენტი: ჩვენი გეგმაა კასპიისა და შავი ზღვის რეგიონების გაერთიანება

ჩვენი გეგმაა კასპიისა და შავი ზღვის რეგიონების გაერთიანება და სამხრეთ კავკასიის კორიდორის ჩამოყალიბება, რომ გვქონდეს წვდომა ევროპულ ბაზარზე აღნიშნული დერეფნის მეშვეობით, – ამის შესახებ თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს პრეზიდენტს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩვენი შეხვედრისას საქართველომ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება ორმხრივი თანამშრომლობისადმი, რომელიც ძალიან საინტერესოა ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ არსებობს პოტენციალი, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოსა და თურქმენეთის დიალოგი. ორივე მხარემ გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ გავაძლიეროთ მშვიდობიანი კლიმატი და ურთიერთპატივისცემა”, – განაცხადა ბერდიმუჰამედოვმა.
მისივე თქმით, რაც შეეხება საქართველოსა და თურქმენეთის მიდგომებს საერთაშორისო არენაზე თანხვედრაშია და ერთმანეთის მსგავსია. თურქმენეთის პრეზიდენტის განცხადებით, უსაფრთხოებისა და მშვიდობის დანერგვის კუთხით მუშაობა გაგრძელდება.
“ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის გარკვეული გამოცდილება მიღებული. ჩვენ გავაგრძელებთ ახლო პარტნიორულ ურთიერთობებს გაერო-სთან და ერთ-ერთი საკითხი, სადაც ჩვენ ძალიან ახლო თანამშრომლობა გვაქვს, არის ენერგომატარებლების უსაფრთხოების საკითხი. გენერალურმა ასამბლეამ მიიღო სპეციალური რეზოლუცია ენერგოსტაბილური და სანდო მიმწოდებელებისა და მატარებლების შესახებ მსოფლიო ბაზრებზე. ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ სატრანზიტო, მომხმარებელ ქვეყნებს – ამ პროცესში ჩართულ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს თანაბარი მოგება და სარგებლობა ამ თანამშრომლობის ფარგლებში.”, – განაცხადა ბერდიმუჰამედოვმა.
მისივე თქმით, მეორე საკითხი შეეხება სატრანზიტო დერეფნების საკითხს. ამ სფეროში საქართველოსა და თურქმენეთს თანამშრომლობას დიდი პოტენციალი აქვს.
“ორივე ქვეყანა ფლობს დიდ პოტენციალს და ჩვენ საუკეთესო ენერგორესურები გაგვაჩნია. ჩვენ მზად ვართ, რომ გავზარდოთ პროდუქტის ექსპორტის დიაპაზონი, თუნდაც ტექსტილის პროდუქტის საქართველოს ბაზარზე. ორმაგი ტვირთბრუნვის გაზრდის პროცესში ჩართული იქნება კერძო სექტორი და ბიზნესწრეები. თურქმენეთისა და საქართველოს ბიზნესწრეებმა უნდა დაამყარონ კონტაქტები, დაესწრონ ფორუმს, გამოფენებს, საერთაშორისო გამოფენას, რომელიც ორივე ქვეყანაში ჩატარდება. ჩვენი გეგმაა კასპიისა და შავი ზღვის რეგიონების გაერთიანება და სამხრეთ კავკასიის კორიდორის ჩამოყალიბება, რომ გვქონდეს წვდომა ევროპულ ბაზარზე აღნიშნული დერეფნის მეშვეობით. ჩვენ გვაქვს ერთობლივი თურქმენეთ-საქართველოს კომისია, რომელიც ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მუშაობს. ეს აქტივობები შემდგომში უფრო გაძლიერდება და ხელს შეუწყობს ორმხრივი კავშირების გაძლიერებას სხვადასხვა სფეროში”, – განაცხადა ბერდიმუჰამედოვმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პირდაპირი კონტაქტების დამყარება და ახალგაზრდა სტუდენტების, მეცნიერების გაცვლის პროგრამები. როგორც თურქმენეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მათ სურთ, რომ თურქმენი სტუდენტები ჩამოვიდნენ საქართველოს უნივერსიტეტებში და მიიღონ განათლება, თუნდაც ბათუმის საზღვაო აკადემიაში.
“თუ ჩვენ ისტორიას გადავხედავთ თურქმენეთსა და საქართველოს ძლიერი კავშირები აქვს. ბევრი საერთოა ამ ქვეყნებს შორის – ტრადიციები, ოჯახის, ხანდაზმულთა პატივისცემა. ასევე ვისაუბრეთ შემოქმედებითი ჯგუფების ურთიერთგაცვლაზე და იმაზე, რომ ჩატარდეს თურქმენეთის კულტურის დღეები საქართველოში და პირიქით”, – განაცხადა ბერდიმუჰამედოვმა.
როგორც თურქმენეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ქართველი კოლეგა თურქმენეთში მიიწვია. ასევე გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა გიორგი მარგველაშვილს დიდი მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც მან საქართველოსა და თურქმენეთის ურთიერთობების განვითარებაში შეიტანა.

banner
წინა სტატიაშიკრასნოიარსკი: პოლიციელებმა დაკითხვაზე მამაკაცს ხერხემალი გადაუმტვრიეს
შემდეგი სტატიაალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ