თსუ-ში ხვალ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება, რომელსაც თსუ-ის რექტორი ვლადიმერ პაპავა, თბილისის მერი დავით ნარმანია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

როგორც “თაიმერს” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებაზე ვლადიმერ პაპავა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მე-7 სემესტრის სტუდენტს ვენერა ცერცვაძეს სტიპენდიით დააჯილდოვებს. სტიპენდიანტი რექტორის ხელფასიდან ერთი სემესტრის განმავლობაში ყოველთვიურად 250 ლარს მიიღებს.

ღონისძიებაზე გამოვლინდებიან სტუდენტების მიერ შერჩეული 2014-2015 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგები, რომელთაც შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. 14 სექტემბერს, ასევე, გამოცხადდება თსუ-სა და “ჯეოსელის” ერთობლივი პროექტის – სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის “შემოდგომის ლეგენდის” მე-7 სეზონის დაწყება. კონკურსის გამარჯვებული მთავარ პრიზს 1000 ლარს მიიღებს, მე-2 ადგილის მფლობელი _ 700 ლარს, ხოლო მე-3 ადგილის მფლობელი _ 500 ლარს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ-ში 3600-მდე პირველკურსელი ისწავლის. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წელსაც ლიდერი იყო როგორც აბიტურიენტთა N1 არჩევანი, ასევე საერთო მოთხოვნის კუთხითაც.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია – ახალი ზოოპარკის ტერიტორიის შემოღობვისთვის თანხები უკვე გამოყოფილია
შემდეგი სტატიამთავრობის ანგარიშში ეკონომიკურ წარმატებებზეა საუბარი