თინა ხიდაშელი: ჩვენ არავისთან ომს არ ვგეგმავთ, ჩვენ ვემზადებით მშვიდობისთვის

ჩვენ არავისთან ომს არ ვგეგმავთ, ჩვენ ვემზადებით მშვიდობისთვის და ზუსტად ამისთვის გვჭირდება სიძლიერე ქართულ ჯარში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების – “ღირსეული პარტნიორის” გახსნის შემდეგ განუცხადა.
როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი მასშტაბური წვრთნები ტარდება საქართველოში და ქართველ ჯარისკაცებს შესაძლებობა აქვთ, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ამერიკული ტექნიკის გამოყენებით მიიღონ სწავლებაში მონაწილეობა.
“ვფიქრობ, ეს სწავლება რამდენიმე მიზეზით არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენთვის. პირველ რიგში, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენ გვყავს არა მხოლოდ უბრალოდ პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების სახით, არამედ ძალიან დიდი გულშემატკივარი და მეგობარი, რომელიც მზად არის, ნებისმიერი ფორმით დაეხმაროს ქართულ სახელმწიფოს გაძლიერებაში. მეორე – ეს არის აბსოლუტურად შეუცვლელი საშუალება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომ ამერიკელებთან ერთად, ამერიკული ტექნიკის გამოყენებით მიიღონ მონაწილეობა ამ წვრთნებში და მესამე – არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ღირსეული პარტნიორის ფარგლებში იქმნება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, გარდა ამ წვრთნებისა, წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება იგეგმება, მათ შორის ნატო-საქართველოს წვრთნები, რომელშიც რამდენიმე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
“ასე რომ, ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ, ჩვენი ჯარის აღმშენებლობით სამხედრო შესაძლებლების განვითარების გზაზე. ჩვენ არავისთან ომს არ ვგეგმავთ, ჩვენ ვემზადებით მშვიდობისთვის და ზუსტად ამისთვის გვჭირდება სიძლიერე ქართულ ჯარში”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება “ღირსეული პარტნიორი” ვაზიანის აეროდრომზე დღეს გაიხსნა და იგი 25 მაისამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიან ბრასორი: თუ ვითარება არ შეიცვლება, ივნისში უკვე რუსეთის უფლებამოსილების საკითხს განვიხილავთ
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ეს არჩევანი ისტორიულად გავაკეთეთ