თინა ხიდაშელი: ყველა ხელისუფლება, რომელიც საქართველოს 2012 წლამდე ყოლია, მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ კონსტიტუციაზე ეძალადა

ყველა ხელისუფლება, რომელიც საქართველოს 2012 წლამდე ყოლია, მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ კონსტიტუციაზე ეძალადა , – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში განუცხადა, სადაც საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
ხიდაშელს იმედი აქვს, რომ “კონსტიტუციაზე ძალადობა ისტორიის კუთვნილება გახდება”.
“ჩემი კარიერა მთლიანად ამ პროცესთან იყო დაკავშირებული. ამიტომ, ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. კონსტიტუცია ხშირად გამხდარა არა იმდენად სხვადასხვა ინტერპრეტაციის, არამედ ხელყოფის და მასზე ძალადობის საგანი. ყველა ხელისუფლება, რომელიც საქართველოს 2012 წლამდე ჰყოლია, მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ კონსტიტუციაზე ეძალადა. თუმცა, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრ სხვა ამბავთან ერთად, რომელიც ჩვენ 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩავაბარეთ ისტორიას, ასევე ისტორიის კუთვნილება გახდება კონსტიტუციაზე ძალადობა”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართება, ღონისძიებას სასამართლო, საკონსტიტუციო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ დაათვალიერონ სასახლის ფოიეში გამოფენილი ექსპონატები: ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი, 1921 და 1995 წლების კონსტიტუცია, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. მოწვეულ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიძლიერი წვიმის გამო ფოთში ცენტრალური ქუჩები დაიტბორა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: მთელი საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ იმ ღირებულებების ირგვლივ, რაც ყველაზე მოხდენილად ჩაწერილია კონსტიტუციაში