თინა ხიდაშელი: ქსოვა არ ვიცი, თორემ ამითაც ვიამაყებდი

ვამაყობ, რომ წლების განმავლობაში ვიყავი ე.წ. ენჯეოშნიკი, ქსოვა არ ვიცი, თორემ ამითაც ვიამაყებდი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა დეპუტატ თამაზ მეჭიაურის გუშინდელი განცხადების შეფასებისას განუცხადა.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, უკვე ჰქონდა თავისი რეაქცია ამ საკითხზე სოციალურ ქსელში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ვინმეს შეურაცხყოფის მიყენება ადამიანს ღირსებას მატებს.

“ეს იყო ცალსახად შეურაცხმყოფელი განცხადება არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, არამედ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მის მიერ ასე შეურაცხმყოფელად მოხსენიებულ დეფინიციაში შეიძლება თავს გრძნობდეს. მათ შორის, პირადად ჩემთვისაც, ადამიანისთვის, რომელიც ვამაყობ, რომ წლების განმავლობაში ვიყავი ე.წ. ენჯეოშნიკი, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ვიყავი ასევე ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს”, ანუ ე.წ. სოროსის ფონდის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე. მე ჩემი წარსულით ვამაყობ და თუ ვინმეს პრობლემა აქვს ამასთან, შემიძლია, პირადად განვუმარტო ყველა ის სიკეთე, რომელსაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი ქვეყნისთვის 20 წელია, აკეთებენ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება იმას, უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში თამაზ მეჭიაურმა, ხიდაშელის თქმით, ეს არის ინდივიდუალური საკითხი, რომელიც ადამიანის ღირსებიდან და მორალიდან მომდინარეობს. ხიდაშელის თქმით, არ მიეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც ადამიანებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ეს მოთხოვნილება ადამიანს თავად უნდა გაუჩნდეს.

 

banner
წინა სტატიაშიჩინეთი მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 70 წლისთავს აღნიშნავს
შემდეგი სტატიაპუტინის 1238 დოლარიანი სპორტული ტანსაცმელი