თინა ხიდაშელი: ნატო-ში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საქართველოსთვის MAP-ის მიცემის წინააღმდეგია

თავდაცვის მინისტრი ე.წ. კაბელების საქმეზე ორი ბრალდებულის სამსახურში აღდგენის ფაქტს ეხმაურება

ნატო-ში დღეს არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საქართველოსთვის MAP-ის მიცემის წინააღმდეგია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ნატოში არ არსებობს დღეს ქვეყანა, რომელიც სკეპტიკურად უყურებს საქართველოსთვის MAP-ის მიცემას ან წინააღმდეგია MAP-ის მიცემის. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ არ გვეკუთვნის MAP-ი. ისინი ითვლიან, წინ 11 თვეა [ვარშავის სამიტამდე] და 11 თვით ადრე დღევანდელ ევროპაში უჭირთ პირდაპირი პასუხის მოცემა”, – განაცხადა ხიდაშელმა.
რაც შეეხება მისივე განცხადებას, რომ თუ MAP-ს არ მოგვცემენ, ეს ტრაგედია იქნება, ხიდაშელის თქმით, შეიძლება ცოტა არასწორი სიტყვა გამოიყენა, ვინაიდან ტრაგედია იქნება ომი. ფართომასშტაბიანი ომი კი, თავდაცვის მინისტრის შეფასებით, არ არის ყველაზე მოსალოდნელი და ხვალ და ზეგ არ მოხდება.
“უკრაინაში მიმდინარე პროცესი ერთგვარ შესაძლებლობის ფანჯარას ხსნის იმ გაგებით, რომ რუსეთი არ არის მზად გახსნას მე-2, მე-3 და მე-17 ფრონტები. ის ამას უკვე გააკეთებდა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი ანალიზი, ასეთია ყველას მიერ დანახული რეალობა. როდესაც მოლაპარაკებების დროს ჩვენ ცოტა ვზრდით ხოლმე რისკებს, ამას მუდმივად გვეუბნებიან – თქვენც ხომ იცით, რომ ეს არ არის ხვალიდნელი ამბავი. გასაგებია, ალბათ, არ არის, თუმცა ყველას გვახსოვს, რომ რუსეთთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა ხიდაშელმა.
ჟურნალისტის კითხვას, რომ ასეთ შემთხვევაში ოპონენტები იკითხავენ, თუ რუსეთი არ არის მზად ფრონტის გასახსნელად, რატომ საქართველო არ აკეთებს ამას და რომ ამაზე მიანიშნა დავით დარჩიაშვილმა, ხიდაშელი პასუხობს, რომ ის თავს იკავებს ბევრი ისეთი რამის თქმისგან, რასაც ოპონენტები იმსახურებენ.
“მიხეილ სააკაშვილთან ქილიკს ნამდვილად არ გადავაყოლებ ჩემი ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ, როგორც წესი, ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებზე ერთდაერთი პასუხი მაქვს – ჩვენ არ გავხსნით არანაირ ფრონტის ხაზს და არ დავიწყებთ ომს. ასეთია დღევანდელი ქართული ხელისუფლება. ვიღაცას ეს მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, ვიღაცას სისხლი უყივის. ეს სისხლის ყივილი ვნახეთ მრავალგზის, შედეგებიც სახეზე გვაქვს, ამიტომ 2016 წლის შემოდგომამდე ასეთია ქართული ხელისუფლება”, – განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ 2016 წელს საქართველოს მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, სამართლიანი არჩევნების გზით განსაზღვროს პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი ხელისუფლება ურჩევნია თუ ის, ვისაც სისხლი უყივის.
მისივე თქმით, როგორი ჯარიც არ უნდა მოვამზადოთ, თუ საქართველოში იქნება დიდი ომი და ჩვენ ვიქნებით მარტო, რუსები უბრალოდ რაოდენობით გვაჯობებენ. თუმცა ხიდაშელის თქმით, საქართველო მარტო არ არის და ამის დასტურია საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულებები, ასევე, პრაღაში მისი ვიზიტისას მიმდინარე მოლაპარაკებები.

banner
წინა სტატიაშიყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასაოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტი რეზოლუციის პროექტებზე იმსჯელებს