თინა ხიდაშელი: ვიცნობ რა ბიძინა ივანიშვილს, ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრა შეუძლებელია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ყოფილ პრემიერ, ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეებს შორის შეხვედრას გამორიცხავს. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, ამ საკითხზე განცხადება თავად მოსამართლეებმა გაკეთეს.

“მე ამის შესახებ არაფერი ვიცი და უფრო მეტიც, ვიცნობ რა ბიძინა ივანიშვილს, ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრა შეუძლებელია. ჩემთვის ბატონი მურუსიძის განცხადება თავისთავად არგუმენტი არ არის, გამომდინარე იმ წარსულიდან, რომლითაც ის საქართველოს სასამართლო სისტემაში გამოირჩეოდა, განსაკუთრებით სანდრო გირგვლიანის საქმეზე. მაგრამ, ზუსტად ამიტომაც, შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად გამოვრიცხავ რაიმე მსგავსი ტიპის შეხვედრას. ამის მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან არც ის ვიცი, ალასანიას ინფორმაცია რას ეყრდნობოდა და არც ის ვიცი, რომ რამე მსგავსი ყოფილა. მაგრამ, ჩემი პირადი დამოკიდებულებისა და იქედან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ, შემიძლია გითხრათ, რომ ეს შეუძლებელია”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი “კაბელების საქმესთან” დაკავშირებით მოსამართლეებს შეხვდა.
ალასანია ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეებს შორის სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით შესაძლო გარიგებაზე საუბრობს, რომლის სანაცვლოდაც, კაბელების საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უნდა შეიცვალოს.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება “სასამართლოების შესახებ კანონის” ძალაში შესვლის შემდეგ 25-ვე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითვალისწინებდა. ირაკლი ალასანიას თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების შეჩერება ადასტურებს, რომ გარიგება მოსამართლეებთან მართლაც შედგა. ამასთან, იუსტიციის საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა.

banner
წინა სტატიაშიალექსი პეტრიაშვილი: იუსტიციის მინისტრის კომენტარმა კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი
შემდეგი სტატიავახტანგ კაპანაძე: რუსეთი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა