თინა ხიდაშელისთვის გოგი ქავთარაძის აზრი მიუღებელია

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დეპუტატ გოგი ქავთარაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას სამწუხაროს უწოდებს და აცხადებს, რომ დეპუტატის აზრი მისთვის მიუღებელია.
ამის შესახებ ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროში განაცხადა, სადაც პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლესა და ადვოკატს შეხვდა.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, პარლამენტში ნატო-სთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაკეთდა. საკუთარი აზრი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა გოგი ქავთარაძემ დააფიქსირა.
„ეს გოგი ქავთარაძის სამწუხარო აზრია, მაგრამ მისი აზრია. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. ამის გამო აღარავის იჭერენ და ციხეში არ სვამენ, განსხვავებით სამი წლის წინანდელი დროისა. გოგი ქავთარაძის აზრი, ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ მინისტრისთვის და როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, მიუღებელია, მაგრამ ეს მისი აზრია“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მინისტრის თქმით, დეპუტატს აქვს სრული თავისუფლება პარლამენტის ტრიბუნა ნებისმიერი განცხადების გასაკეთებლად გამოიყენოს.
„გოგი ქავთარაძეს აქვს სრული თავისუფლება გამოიყენოს პარლამენტის ტრიბუნა ნებისმიერი განცხადების გასაკეთებლად, რომელიც მას ექნება, ზუსტად ისევე, როგორც დავით დარჩიაშვილს აქვს ყველანაირი უფლება იყოს უსინდისო და მუდმივად იყოს დაკავებული იმით, რითაც დღეს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაკავდა“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
თინათინ ხიდაშელმა პოლიტიკურ ოპონენეტებს მოუწოდა საკუთარი განცხადებების გაკეთებისას „ლოგიკა იპოვონ“.

„ლოგიკა იპოვონ, როდესაც, ერთი მხრივ, ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილი მართავს და ყველა გადაწყვეტილებას ის იღებს. ანუ გამოდის, რომ მე რომ თავდაცვის მინისტრად დავინიშნე, ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო და ამავდროულად ამბობენ, რომ გოგი ქავთარაძემ განაცხადება რომ წაიკითხა, ისიც ივანიშვილმა დაუწერა. ეს ორი ამბავი ერთად როგორ გამოდის, იქნებ ჩამოყალიბდნენ და მერე ისე ილაპარაკონ“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი პარტიის ყოფილი ოფისის დაბრუნებას ითხოვს
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2461 ლარია