თეა წულუკიანმა ტონი ბლერის მეუღლესთან თანამშრომლობის საკითხი განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში უმსხვილესი იურიდიული ფირმა “ომნიას” წარმომადგენელს, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის მეუღლეს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, თეა წულუკიანმა ჩერი ბლერთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი განიხილა.
მათივე განმარტებით, შეხვედრა უშუალო გარემოში, ბლერის სახლში შედგა და მას საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში რევაზ გაჩეჩილაძე ესწრებოდა.
“შეხვედრაზე გადაწყდა, რომ იურიდიული კომპანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის ტრენინგმოდულს შეიმუშავებს. სწავლება შემოდგომაზე დაიწყება, რომლის თემა საარბიტრაჟო დავა და მედიაციის საკითხები იქნება.
საარბიტრაჟო დავის საკითხებზე სწავლებას იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. ტრენინგის გავლის საშუალება ექნებათ იმ სახელმწიფო კომპანიებსაც, რომლებსაც ინვესტორებთან სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულების გაფორმება უწევთ. სემინარი არ მოიცავს თეორიულ საკითხებს, ის პრაქტიკული ხასიათის იქნება, რაც მონაწილეებს კონკრეტულ ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმარება; მედიაციის ტრენინგებს კი ნოტარიუსები და მოსამართლეები დაესწრებიან. სწავლება მათ საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება”, – აცხადებენ სამინისტროში.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ ტრენინგებს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი” უმასპინძლებს.
“ომნია” მსხვილი იურიდიული და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც სამართლებრივ დახმარებას წამყვანი ქვეყნების მთავრობებს უწევს.

banner
წინა სტატიაშივაკის გამგებლის კანდიდატურა უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი
შემდეგი სტატიასაპროტესო აქცია კანცელარიასთან