თეა წულუკიანი: სომხეთის ევრაზიული კავშირის წევრობა საქართველო-სომხეთის მეგობრობას ხელს არ უშლის

თეა წულუკიანი -

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სომხეთის ევრაზიული კავშირის წევრობა საქართველო-სომხეთის მეგობრობას ხელს არ უშლის. ამის შესახებ თეა წულუკიანმა სომხეთში ვიზიტისას, საინფორმაციო სააგენტო “მედიამაქსთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხალხმა უკვე გააკეთა არჩევანი ევროკავშირის მიმართულებით, რაც არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს თანამშრომლობას და ხაზს არ გადაუსვამს ხალხსა და სახელმწიფოებს შორის არსებულ დიდი ხნის მეგობრობას.
“სომხეთის საბაჟო კავშირის წევრობა და საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა არ უნდა იყოს განხილული, როგორც პრობლემა. პირიქით, ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც ახალი შესაძლებლობების გახსნას ორივე სახელმწიფოსთვის, მათ შორის ეკონომიკური კუთხით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს.
“2103 წელს სომხეთში ჩემი კოლეგის მოწვევით ვიმყოფებოდი, მიმდინარე წლის გაზაფხულზე კი საქართველოში შედგა საპასუხო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. ამავე დროს ჩემი კოლეგა ოვანეს მანუკიანი გამოვიდა ინიციატივით, ერევანში გამართულიყო სომხურ-ქართული იურიდიული ფორუმი. აქედან გამომდინარე, ჩემი ამჟამინდელი ვიზიტის მიზანია ამ ფორუმის გამართვა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ჟურნალისტი დაინტერესდა სამცხე-ჯავახეთში როგორ მიმდინარეობს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესი. როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, 2014 წლის 1-ელ სექტებერს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ”.
“ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთში რეგისტირებულმა 46 პირმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. 2877 პირმა კი ცხოვრების ნებართვა მიიღო (38-ს უარი ეთქვა). სასურველია აღნიშნული პირებიც მალე გახდნენ საქართველოს მოქალაქეები, თუმცა მე მესმის, რომ ამ ეტაპზე ამ ადამიანებისთვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ეკონომიკური მიზნებისთვის აუცილებელია”, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშისომხეთში საპროტესტო აქცია დღეს ისევ გაგრძელდება
შემდეგი სტატიაერევანში სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმი გაიხსნა