თეა წულუკიანი პროკურატურაში შექმნილ ახალ დეპარტამენტზე კომენტარს აკეთებს

ირაკლი ალასანიას მაშინაც დადებითად ვიხსენიებდი და ახლაც დადებითად მოვიხსენიებ

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტი მოწოდებულია იმისთვის, რომ თემა, რომელიც მოქალაქეებს დღემდე აწუხებთ, ბოლომდე მივიდეს და დაუსჯელობის სინდრომი დასრულდეს.

წულუკიანი სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს მუშაობაში წარმატებას უსურვებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მოქალაქის უფლებები აღდგა, ეს საკმარისი არ იყო.

„საჭირო იყო სპეციალური ორგანოს არსებობა იმისთვის, რომ საქმე ბოლომდე მივიდეს და დაუსჯელობის სინდრომი არა მხოლოდ აღმოიფხვრას, არამედ არასდროს, არცერთი ხელისუფლების პირობებში აღარ განმეორდეს. რაც შეეხება დახარისხებულ საქმეებს, რაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად გაკეთდა, ერთი მარტივი რამ იკვეთება, რომ სახელმწიფოს ხელით ქონების ჩამორთმევების საქმეები, როგორც ჩვენ ვარაუდობდით, რამდენიმე ასეულია და ძალიან კარგია, რომ არაერთი, თუ არა უმრავლესობა ამ ქონებისა, ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია. ამაზე ეკონომიკის სამინისტრო იმუშავებს იმისთვის, რომ ამ ნაწილში უფლებები რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს“, – განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება განაჩენების გადახედვას, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ამ შემთხვევაშიც ათასამდე საქმეა და პირველ ეტაპზე მათზე გამოძიება უნდა ჩატარდეს, რათა დადგინდეს, იყო თუ არა განაჩენი უკანონო გამოძიების შედეგი და ხომ არ იყო მტკიცებულებები მოპოვებული ზეწოლის, მუქარის და წამების შედეგად.

„დიდი სამუშაოა ჩატარებული და საზოგადოებაც ამ დეპარტამენტს გვერდში უნდა დაუდგეს, რათა წარმატებული შედეგი დაიდოს“, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა დიდი ხარჯების გამო მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის ვერ შექმნაზე მის მიერ გაკეთებული განცხადებაც განმარტა და აღნიშნა, რომ საქმეების დახარისხება პროკურატურამ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად იმიტომ მოახდინა, რათა გარკვეულიყო რა ტიპის ფინანსური და მატერიალური გამოწვევების წინაშე შეიძლებოდა დამდგარიყო სახელმწიფო.

„სამართლიანობის აღდგენის პროცესში ყველაფერი საბოლოოდ მაინც თანხებამდე მიდის. საქმეების დახარისხებამ აჩვენა, რომ მრავალი შემთხვევა შეიძლება ნაკლები ფინანსური დანაკარგებით მოგვარდეს. კერძოდ, ეს ის საქმეებია, რომელიც ეხება ჩამორთმეულ ქონებას, მაგალითად სააგარაკე ნაკვეთს, რომელიც ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია და ვფიქრობ, სწორედ ამ საქმეებით უნდა დაიწყოს პროცესი პირველ რიგში და შემდგომ სხვა საქმეებზე გაგრძელდეს მუშაობა“, – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაცია „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. ღონისძიებას მთავარი პროკურორი, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

ახალ დეპარტამენტს პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს, მისი მოადგილე კი კოკა კაციტაძე იქნება.

banner
წინა სტატიაშიზემო და ქვემო ნიქოზს, ზემო ხვითსა და ერგნეთს დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება
შემდეგი სტატიამესამე წელიწადია ზედიზედ ვერ სრულდება ბიუჯეტი–ზურაბ ჯაფარიძე