თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ უკრაინაშიც დაიწყებენ გამოძიებას, უკრაინულ სააგენტოში როგორ მოხვდა ე.წ. კასრების კადრები

იუსტიციის მინისტრი მამუკა ახვლედიანის განცხადებას

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, კარგი იქნება თუ უკრაინაშიც, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, რომლებიც დღეს სამართალდამცავ ორგანოებში არიან , დაიწყებენ გამოძიებას, უკრაინის სააგენტოში როგორ მოხვდა ე.წ. კასრებში აღმოჩენილი კადრები.
როგორც თეა წულუკიანმა განუცხადა, მისთვის მიუღებელია აღნიშნული კადრების საჯაროდ გავრცელება.
“ძალიან დიდი წინააღმდეგობა მაქვს და ვგმობ იმას, რომ ბავშვებმა, არასრულწლოვნებმა, ან იმ ადამიანებმა, ვისაც არ აურჩევია უყუროს ამ კადრებს, ეს კადრები თავისით ეცეს მათ თვალში. ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან ცუდი.
რაც შეეხება თვითონ კადრების არსებობას, ეს კადრები არის ნაწილი სისხლის სამართლის პროცესის. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ კასრების საქმეზე 11 პირია დამნაშავედ ცნობილი, არაერთი მათგანი დღეს იხდის სასჯელს, 2 მათგანი – მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა არიან საერთაშორისო ძებნაზე. ერთი პირი, რომელიც იყო საერთაშორისო ძებნაზე, პროკურატურამ უკვე ექსტრადიციის გზით ჩამოიყვანა და დღეს ის ზის ქართულ ციხეში და იხდის ამ უმსგავსო საქციელისთვის, ამ უმძიმესი დანაშაულისთვის სასჯელს”, -განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება კადრების გავრცელებას, წულუკიანი ფიქრობს, რომ გავრცელებას აქვს თავისი წესები, თუმცა ეს კადრები არ უნდა განადგურდეს და ვერ განადგურდება, რადგან ისინი არამხოლოდ სისხლის სამართლებრივი პროცესის ნაწილია, “არამედ არის ჩვენი წარსულის ნაწილი”.
“ისინი უნდა იქნეს შემონახული, მაგრამ მისი გავრცელების წესი ყველამ უნდა დაიცვას. ეს იქნება როცა გავა ძალიან ბევრი წელი, ისტორიული მტკიცებულება იმისა, თუ ვინ გვმართავდა 9 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში.
მაგრამ, მოდი, დავიცვათ ჩვენი ბავშვები, დავიცვათ ის ადამიანები, ვინც ამ კადრების შემყურე გუშინ იყვნენ მორალურ შოკში, დავიცვათ ისინი და ადამიანებს მივცეთ არჩევანის თავისუფლება – ვისაც სურს ნახავს ამ კადრებს, ვისაც არ სურს არ ნახავს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება კადრების გავრცელებას, მინისტრის განცახდებით, გამოძიება დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
“ალბათ კარგი იქნება, თუ უკრაინაშიც დაიწყებენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, რომლებიც სამართალდამცავ ორგანოებში არიან, გამოძიებას, უკრაინის სააგენტოში როგორ მოხვდა ეს კადრები”, – აღნიშნა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიაჭედილი კარები- “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონალური ოფისები დარბეულია
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3782 ლარი გახდა