იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
წულუკიანმა აღნიშნა, რომ ხარძიანის ოჯახის არაერთი წევრი 2012 წელს მასთან ერთად იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ.
“იმედი მაქვს, რომ შედეგები ძალიან მალე დაიდება. რაც შეეხება თავად ბატონი ხარძიანის ამ საზარელ პირობებში მკვლელობას, მე პირადად დიდ გულისტკივილს გამოვხატავ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, რომლის არაერთი წევრიც ჩემთან ერთად, ნაძალადევში უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში იყო ჩართული”, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 28 მარტს საკუთარ სახლთან მოკლეს. ხარძიანს უცნობმა პირმა საკუთარი სახლის სადარბაზოში რამდენჯერმე ესროლა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მოტოციკლით იყო. მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.
პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა როგორც მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის, ასევე ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ-გამომძიებლებით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.