თეა წულუკიანი თავის ფატალურ შეცდომაზე ხმამაღლა საუბრობს

თეა წულუკიანი -

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მინისტრის თანამდებობა დაიკავა, მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, ისიც, რომ საკუთარი თავისთვის დრო ნაკლებად რჩება. ამის შესახებ მინისტრი „რეიტინგთან“ ინტერვიუში აცხადებს.

„ რაც მინისტრად დავინიშნე, ჩემი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებულია ადრინდელისგან. ბევრს მინისტრობა ფუფუნე¬ბა ან რაიმე ტიპის კომფორტი ჰგონია, მაგრამ სხვაა, თუკი ამას მხოლოდ საქმისადმი ინტერესიდან გამომდინარე აკეთებ და ეს ჩემი შემთხვევაა. დღეს, როგორც კერძო პირს, ერთ ინდივიდს, არ მაქვს არანაირი უფლება და თავისუფლება, ამის საპირწონედ კი მეორე მხარეს არის მხოლოდ ვალდებულებები და შეზღუდვები, ამიტომ ეს ძალიან დიდი ტვირთია. რასაკვირველია, ეს არ არის მხოლოდ უსიამოვნო ტვირთი. სასიამოვნოა, როდესაც ნახულობ შენი საქმიანობის შედეგს. მაგრამ თუკი ერთმანეთს შევადარებთ, ამ ცხოვრებაში არ მაქვს არაფერი, რაც პირადად მე მიკავშირდება. რეალურად სულ სამსახურში ვარ. კვირის დღეებში ყველაზე ადრე ღამის 11-დან 12 საათამდე წავსულვარ, დილას კი ცხრა საათზე ვიწყებთ. ვცდილობ, თვეში ერთხელ მაინც იყოს ერთი შაბათ-კვირა, როდესაც სამსახურში მთელი დღე არ ვიქნები, რათა სხვა რამეებისთვის დამრჩეს დრო. თუმცა, ”სხვაში” არ ვგულისხმობ არც გართობას და არც სხვა სია¬მოვნებას. ეს არის სარეცხი, უთოობა და სახლის საქმეები. მარტო ვცხოვრობ და ყველაფერს თავად ვაგვარებ. სხვათა შორის, უთო არ მიყვარს. ერთ შაბათს, როდესაც ძალიან ბევრი გასაუთოე¬ბელი დამიგროვდა, ამ საქმეს ორი საათი და¬ვუთმე და მივხვდი, რომ ამდენი გასაუთოებელი ერთბაშად არ უნდა დაიგროვო. ამ ორი საათის განმავლობაში მივხვდი, რომ არც პირადი ცხოვრება მაქვს, არც ოჯახი, 24 საათი სახლს გარეთ ვარ, საჯარო სამსახურში და რომ არ არსებობს არაფერი სხვა, ამიტომაც უთოობის სეანსი დამთავრდა ძალიან ცუდად“,- აცხადებს თეა წულუკიანი.

მინისტრი ინტერვიუში თავის ფატალურ შეცდომაზე საუბრობს.

„ერთადერთი ფატალური შეცდომა არის ის, რომ პოლიტიკაში წასვლამდე უნდა შემექმნა ოჯახი და ამას ვნანობ. ქალებს, რომლებიც პოლიტიკაში წავლენ, ამის გათვალისწინებას ვურჩევდი. როცა მექნება დრო, აუცილებლად ჩამოვწერ 10-15 წესს იმისთვის, როგორ უნდა გადარჩეს ქალი პოლიტიკაში და იმავდროულად, დარჩეს ქალად. მთავარი წესი კი ოჯახის შექმნაა მანამდე, სანამ საკუთარ თავს პოლიტიკას მიუძღვნი. ძალიან მხიბლავს სოფელში სკოლის მასწავლებლობა. ვფიქრობ, ბევრი რამის სწავლება შემიძლია, ფრანგულის, სამართლის საფუძვლების. ძალიან მინდა, მქონდეს საშუალება, ბავშვებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში დავეხმარო და ჩამოვუყალიბო მოვლენების სწორი ხედვა, რომ ტაბუებისა და სტერეოტიპების ტყვეები არ იყვნენ. ალტერნატიული ”მე” შეიძლებოდა ყოფილიყო ბევრი შვილით სამზარეულოში, დიასახლისი, მასწავლებელი ან ფერმის დირექტორის მოადგილე. ერთადერთი, ვინც ვერ ვიქნებოდი, არათავისუფალი ადამიანია. გადაწყვეტილებებს ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებ, ვისმენ ადამიანების აზრს, მაგრამ ზოგადად, ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ“,- აცხადებს თეა წულუკიანი.

banner
წინა სტატიაშიპირველად საქართველოში შესაძლებელია მეორე ტიპის დიაბეტის ოპერაციით განკურნება
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა