“თბილისში მოსახლეობის 60 %-ზე მეტს კომუნალური ვაუჩერი შეუმცირდება”

თბილისში მოსახლეობის 60 %-ზე მეტს კომუნალური ვაუჩერი შეუმცირდება, – ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა- თბილისის” წევრებმა განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის კომუნალური სუბსიდიის გაცემის ახალი წესი დამტკიცდა.
საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის ინფორმაციით, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის (გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში და სარეიტინგო ქულა 70 000-მდეა) ყოველთვიურად გასაცემი კომუნალური ვაუჩერის ოდენობა შემცირდა. ასევე შემცირდა ვაუჩერის ოდენობა მათ შორის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული იმ 180 000-მდე თბილისელისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე მეტია. კერძოდ, წინა ხელისუფლების პერიოდში დადგენილი წესით, ყოველთვიურად გასაცემი კომუნალური ვაუჩერის ოდენობა 20 ლარს შეადგენდა (8.45 ლარი – ელექტროენერგიის საფასურისთვის; 8.40 ლარი – დასუფთავების მოსაკრებლისთვის; 3.15 ლარი – წყლის საფასურისთვის).
“დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, მოხდა კომუნალური ვაუჩერის დიფერენცირება ოჯახის სულადობის მიხედვით. შედეგად: ერთსულიანი აბონენტები მიიღებენ 14.1 ლარს; ორსულიანი აბონენტები – 16.6 ლარს; სამსულიანი აბონენტები – 19.1 ლარს. აღსანიშნავია, რომ თბილისში აღრიცხული დაახლოებით 385 000 აბონენტიდან 238 000-მდე ოჯახი შედგება სამი ან ნაკლები წევრისგან. ანუ თბილისში მაცხოვრებელი მოსახლეობის (მათ შორის სოციალურად მძიმედ გაჭირვებული) 60 %-ზე მეტს კომუნალური ვაუჩერი შეუმცირდება”, _ აცხადებენ საკრებულოს ფრაქციაში.
დღეს საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა-თბილისის” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე სოციალურად დაუცველ ლალი ჯაბანაშვილის ოჯახს ესტუმრა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
ირაკლი აბესაძის განცხადებით მოსახლეობის მძიმე სოციალური ყოფის, ინფლაციის, ფასების ზრდის ფონზე ეს განსაკუთრებით მავნებლური გადაწყვეტილებაა და კატეგორიულად მოუწოდებეს დავით ნარმანიას და ,,ქართულ ოცნებას” შეცვალონ მიღებული წესი და ნუ მოატყუებენ თბილისელებს.

banner
წინა სტატიაშიგიგლა ბარამიძე : ხელისუფლებაში „ქართულ ოცნებასთან“ გაერთიანების გარეშე მოვალთ
შემდეგი სტატიაქურდობა წალენჯიხაში- სკოლის შენობიდან ქურდებმა აპარატურა გაიტანეს