თბილისის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კენჭისყრის შედეგად, დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებებს 28 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხუთი წინააღმდეგი წავიდა, ხუთმა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, ბიუჯეტთან დაკავშირებით მათ აქვთ წინადადებები.
“ჩვენი წინადადებები პირველ რიგში შეეხებოდა კომუნალური ვაუჩერის საკითხებს, რომელიც გაურკვეველია ჩვენთვის. ვშიშობთ, რომ მხოლოდ 70.000 ქულაზე დაბალი ქულის მქონეებისთვის არ მოხდეს კომუნალური ვაუჩერების გამოყენება და არ დაგვრჩეს სოციალურად დაუცველების დიდი სპექტრი დახმარების გარეშე. ვითხოვთ, რომ პრაქტიკულად ყველას, ვინც სააგენტოს მიმართა, მათთვისაც განისაზღვროს კომუნალური დახმარება მომავალი ზამთრის განმავლობაში”, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
მისივე განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობის” მეორე მოთხოვნა ეს სტიქიით დაზარალებულებს შეეხებოდა.
“საკითხი, რომლის გარკვევას ჩვენ ვითხოვდით სტიქიით დაზარალებულთა იმ კატეგორიას შეეხებოდა, რომელსაც დაუზიანდათ ავტომობილები და იყვნენ მოსარგებლეები, რომლებსაც არ გააჩნდათ საკუთრება ამ ტერიტორიაზე. მაგრამ პრაქტიკულად ცხოვრობდნენ. ჰქონდათ ნაქირავები, შეჭრილი იყვნენ ამ ფართობებზე და გაუნადგურდათ უძრავი ქონება. მოვითხოვთ თბილისის მერიამ შეიტანოს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ტექსტში ცვლილებები, რამეთუ არც ერთი გაჭირვებული არ დარჩეს საცხოვრებლის გარეშე”, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
დაუზღვეველი ავტომობილების ბედით დაინტერესდა ასევე დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც ბიუჯეტის განხილვის დროს თბილისის მერის მოადგილეს ჰკითხა, თუ როგორ მოხდება დაზიანებული ავტომობილების მეპატრონეებისთვის ზარალის ანაზღაურება. გიორგი ხელაიამ განმარტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში უკვე მუშაობენ, თუმცა კონკრეტული გეგმა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
რაც შეეხება კომუნალურ ვაუჩერებს, თბილისის მერის მოადგილის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა არ დაწყებულა. ხოლო ბიუჯეტში კი შევიდა შემდეგი ცვლილებები.
“ბიუჯეტი 46 მილიონი ლარით გაიზარდა. თანხები ძირითადად სტიქიის შედეგად დაზარალებულების და ოლიმპიადისთვის გახდა საჭირო. ვერეს ხეობის რეაბილიტაციისთვის, 17 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყო. აქედან 21 მილიონი ლარი დაზარალებულთა დასახმარებლად, ხოლო 2 მილიონ 900 ათასი ლარი საბურთალოს რაიონში სანიაღვრე და შენობების გამაგრებითი სამუშაოებისთვის”, – განაცხადა ხელაიამ.

banner
წინა სტატიაშისპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია
შემდეგი სტატიასახალხო დამცველმა ეკომიგრანტების პრობლემებზე საჯარო დებატები გამართა