თბილისის მერმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი

თბილისის მერიასა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მოაწერეს.

დავით ნარმანიას განცხადებით, მემორანდუმის მიზანია ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით თბილისში ტურიზმის განვითარება და ქალაქის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

„ჩვენი უმთავრესი მიზანია თბილისი გახდეს ჩვენი რეგიონის ტურისტული ცენტრი, რისთვისაც ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. დედაქალაქის ფარგლებში ვაწესრიგებთ
ტურისტულ ინფრასტრუქტურას, გვაქვს ტურიზმის ხელშემწყობი პროექტები და პროგრამები. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ორგანიზება გავუწიეთ და დღესაც მიმდინარეობს
ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა, რაც ძალიან საინტერესოა როგორც ტუროპერატორებისთვის, ისე
ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც ტურიზმთან დაკავშირებული რეწვით არიან
დაკავებული. ჩვენ მათ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რათა მეტი ტურისტი მოვიზიდოთ. მეტი ტურისტი ჩვენი ქალაქისთვის ნიშნავს თბილისის ცნობადობის ამაღლებას, მეტ შემოსავალს დედაქალაქისთვის და პირადპირ დაკავშირებულია ჩვენს ეკონომიკურ განვითარებასთან. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ტურიზმი განვითარების ახალ საფეხურზე ავიდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

მემორანდუმის მიხედვით, თბილისის მერია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დედაქალაქში
ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის ერთობლივ ღონისძიებებს დაგეგმავენ და განახორციელებენ.

„დღეს მოეწერა ხელი მემორანდუმს, რომელიც თბილისის მერიასა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს. ჩვენ არ ველოდებოდით ამ მემორანდუმის ხელმოწერას, უკვე მიმდინარე და შერულებული პროექტებიც გვაქვს. რაც მთავარია გვაქვს სამომავლო პროექტები, რომელიც გულისხმობს თბილისის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენას, იმ ინფრასტრუქტურის ხელშეწყობასა და განვითარებას, რომელიც ტურისტებისთვის საინტერესოა. დარწმუნებული ვარ, მერიასთან ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვექნება“,- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში ჰესის მშენებლობის დროს ორი მუშა დაიღუპა
შემდეგი სტატიაპატიმრის გარდაცვალებაში ახლობლები ხელისუფლებას ადანაშაულებენ