თბილისის მერია სტიქიის შედეგად დაზარალებულთა განსახლების გეგმას უახლოეს დღეებში წარადგენს

თბილისის მერია სტიქიის შედეგად დაზარალებულთა განსახლების გეგმას უახლოეს დღეებში წარმოადგენს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომას ესწრებოდა.
ნარმანიას განმარტებით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცესი.
“ზარალის დათვლის პროცესი მიმდინარეობს ისე როგორც განსახლების გეგმაზე მუშაობა და ეს გეგმა უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი. უკვე იდენტიფიცირებულია ის სახლები, რომლებიც პრაქტიკულად აღარ არსებობს და მდინარემ წაიღო, ისე როგორც ლაბორატორიული შეფასებების საფუძველზე იდენტიფიცირებულია სახლები, რომლებიც ავარიულია, რომელთა გამაგრებაც და მათში ადამიანების შესახლება შეუძლებელია. მერიის პირველი რიგის პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ამ კატეგორიის სახლებში მცხოვრებ ადამიანების ბინით უზრუნველყოფა იქნება იმ შემოწირულობებისა და რესურსების ფარგლებში, რომლებიც შესაბამის ანგარიშებზეა აკუმულირებული. რაც შეეხება სახლებს, რომლებიც მდგრადია და რომლებთან მიმართებაშიც ლაბორატორიული დასკვნა არის დადებითი, ასეთი სახლების შეკეთების სამუშაოებს რაიონული გამგეობები აწარმოებენ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე განმარტებით, როგორც ვაკის, ისე საბურთალოს გამგეობებს შესაბამისი სამუშაოების დასაწყებად თბილისის მერიამ გარკვეული რესურსები უკვე გამოუყო.
“საკრებულოს მიერ ბიუჯეტის ცვლილებების დამტკიცების შემდეგ აღნიშნულ გამგეობებს უკვე შეეძლებათ დაიწყონ შესაბამისი სამუშაოები”, – განმარტა თბილისის მერმა.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს, დედაქალაქის მერის ინფორმაციით, მასში ასახულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოყოფილი 10 მილიონი ლარი, ასევე ხაზინის ანგარიშზე ფიზიკური და იურდიული პირებისგან ჩარიცხული თანხები, რომლებმაც აღნიშნული რესურსი კონკრეტულად სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მხარდასაჭერად გაიღეს.
“გარდა ამისა, ბიუჯეტში აისახება 18 მილიონი ლარი, რომელიც ჩვენ წამოვიღეთ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან. ამ თანხით ასფალტის შეკეთება დედაქალაქის 40-მდე ქუჩაზე მოხდება, ასე რომ ივლისი-აგვისტოს თვეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით ძალიან ინტენსიური სამუშაოები გვექნება”, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი მილიონერი პარლამენტარებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს
შემდეგი სტატიაქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა