თბილისის ვიცე-მერის თანამდებობაზე საკრებულომ ლაშა აბაშიძე დაამტკიცა

თბილისის ვიცე-მერის თანამდებობაზე საკრებულომ ლაშა აბაშიძე დაამტკიცა. თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლაშა აბაშიძის კანდიდატურას 32-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთი წინააღმდეგი იყო, ხოლო სამმა თავი შეიკავა.
როგორც სხდომაზე თბილისის საკრებულოს წევრებმა “ნაციონალური მოძრაობიდან” განაცხადეს, თბილისის მერიას არ აქვს თავისი ხედვა და სტრატეგია, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი, რა პრიორიტეტებია თბილისისთვის, როგორ უნდა იხარჯებოდეს ბიუჯეტი და ა.შ.
“შეუძლებელია, ერთმა ადამიანმა მიაღწიოს წარმატებას, წარუმატებელ ექსპერიმენტს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ”, – განაცხადა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა თბილისის” თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს, რომ ლაშა აბაშიძე არის პროფესიონალი და გამოცდილი კადრი.
თამარ ტალიაშვილის თქმით, ყველამ დაინახა, თუ როგორ გაუმკლავდა ეს ახალგაზრდა პროფესიონალი სტიქიის შემდეგ დედაქალაქის წინაშე მდგარ გამოწვევებს.
ვიცე-მერად დამტკიცების შემდეგ ლაშა აბაშიძემ საკრებულოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“მერია არის ცოცხალი ორგანიზმი და იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ვითარდება, ეფექტიანობის გაზრდის მხრივ, თუ იქნება საჭირო სისტემური და სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება, ეს უნდა განხორციელდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-მერად დამტკიცების შემდეგ ლაშა აბაშიძემ.
თბილისის ვიცე-მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დიმიტრი ქუმსიშვილის ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.
რაც შეეხება ლაშა აბაშიძეს ის ვაკის რაიონის გამგებლის პოსტს იკავებს.

banner
წინა სტატიაშიცესკოს ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობა” შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
შემდეგი სტატია“ნაცმოძრაობა” – შუალედურ არჩევნებში კანდიდატები არ გვეყოლება, თუმცა, ვისარგებლებთ უფასო სარეკლამო დროით