თამარ კორძაია “რესპუბლიკურ” პარტიაში გაწევრიანდება

დეპუტატ თამარ კორძაიას განცხადებით, ეს მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება იყო, რადგან საქმიანობის გაგრძელება იმ ფრაქციაში სურს, რომელთანაც უფრო მეტი ღირებულებითი კავშირი აქვს.

მისი თქმით ფრაქცია “ქართულ ოცნებაში” 2-წლიანი საქმიანობა ნაყოფიერი იყო.
“არანაირი განსაკუთრებული მიზეზი ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით არ მქონია. ვფიქრობ, ამ ფრაქციაში ჩემი 2-წლიანი საქმიანობა ნაყოფიერი იყო, მაგრამ გადავწყვიტე საქმიანობა იმ ფრაქციაში გავაგრძელო, რომელთანაც უფრო მეტი ღირებულებითი კავშირი მაქვს და ეს არის ფრაქცია “რესპუბლიკელები”. შევიტანე განცხადება აღნიშნულ ფრაქციაში გაწევრიანების მიზნით და ვნახოთ, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ამ შემთხვევაში ფრაქცია”, – განმარტა კორძაიამ
რაც შეეხება ფრაქციაში განხეთქილებას და განსხვავებული პოზიციების დაფიქსირების გამო მის მიმართ უკმაყოფილების არსებობას, კორძაიას თქმით, ამაზე საუბარი ყოფილ ფრაქციაში არ ჰქონია.
“ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა საუბარი. შესაძლოა, ვიღაცეები რაღაცას საუბრობდნენ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ჩემი პირადი, ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. ფრაქციის წევრები რა თქმა უნდა, ინფორმირებულები არიან. შევეხმიანე ფრაქციის თავმჯდომარეს და ფრაქციის დატოვების შესახებ წერილი მას მივუტანე”, – განაცხადა კორძაიამ.
banner
წინა სტატიაში,,გლახად როა თქვენი საქმე, კვლევის გარეშე ვერ ხვდებით მაგდენს?!,,
შემდეგი სტატიაკვორუმის გამო, პარლამენტის სხდომა ვერ გაიხსნა