თამაზ ხუბუა აფხაზეთის დე-ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმიანება

არსებობენ ,,წითელი ხაზები

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ხუბუა აფხაზეთის დე-ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმიანება:

“რომ არა ცაავების ოჯახის ტრაგედია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრები მოსახლეობის სოციალური და ფიზიკური ყოფის აწ უკვე მოუთმენელი მდგომარეობა, საჭიროდ არც ჩავთლიდი აფხაზეთის დე–ფაქტო ადმინისტრაციის იმ პოზიციის (უფრო ცინიკური ოპუსის) კომენტირებას მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით,რაც მათ გაასაჯაროვეს მათივე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადების სახით. რომ არაფერი ვთქვათ ამ განცხადების ქართულოფობიის გამოხატულ შემადგენლებზე( ძველქართული ტოპონიმების დამახინჯება და ა.შ.),სახეზეა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა უმთავრესი უფლებების– იცხოვრონ,იმკურნალონ,იმუშაონ იქ, სადაც მათ ამის სურვილი გააჩნიათ, უხეში,სულ უფრო მზარდი დარღვევების ფაქტები. შეგნებულად თავს ვიკავებ ბავშვის სამედიცინო მომსახურებისას დაშვებულ ან არდაშვებულ შეცდომებზე საუბრისაგან ამ მხრივ არაკომპეტენტურობის გამო,მაგრამ კატეგორიულად მიჭირს იმის დაჯერება,რომ ბავშვის გადარჩენას ხელი არ შეუშალა ე.წ. დამოუკიდებელ აფხაზეთსა და საქართველოს შორის ჩვენი მტრების მიერ მოგონილმა ენგურის ვირტუალურმა საზღვარმა! ეს შემთხვევა პირველი არ გახლავთ და ვშიშობ, ბოლო არ იქნება ამ საკითხებით ქართული მხარის დაინტერესების შემხედვარე! ბოლოს ,მინდა შევეკითხო ჟენევის ფორმატით მიმდინარე პროცესში მონაწილე ქართული დელეგაციის წევრებს,განსაკუთრებით აფხაზეთის მთავრობის ე.წ. თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელს ყოლბაიას – თუ დასვით მითითებული პრობლემის თვალსაზრისით საკითხი მოლაპარაკებებზე და რამდენად ხართ კმაყოფილნი მათზე რეაგირების მსგავსი ,,შედეგებით”???!! „ -წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში აფხაზეთის უმახლესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ხუბუა.

 

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ ირაკლი ცაავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

„გალის რაიონის მცხოვრები ირაკლი ცაავა, რომელიც 2002 წელს არის დაბადებული, აგანგლიოზით იყო დაავადებული. მას დაბადებიდან მესამე კვირას ოპერაცია გაუკეთდა და მას შემდეგ მუდმივად თბილისსა და ზუგდიდში ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. ცაავების ოჯახს აფხაზურ სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს. არც სკოლის დირექტორი, სადაც მოზარდი სწავლობდა, არც სოფლის ადმინისტრაცია, მისი დაავადების შესახებ არ იყო გაფრთხილებული. ირაკლის სიცოცხლეში მის მშობლებს არ წარმოუდგენიათ არც საქართველოს მოქალაქეობის და არც აფხაზეთის მოქალაქეობის მოწმობა“ – ცნობას აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ცაავების ოჯახმა ერთადერთხელ რამდენიმე დღის წინ 4 მაისს მიმართეს გალის რაიონის საავადმყოფოს.
სასწრაფო დახმარების ჯგუფი 4 მაისს დილის 6:45 წუთზე იქნა გამოძახებული. საავადმყოფოში მოზარდი 7.30 წუთზე შეიყვანეს, სადაც მორიგე ექიმის მიერ გასინჯულ იქნა. ავადმყოფის მდგომარეობა შეფასდა როგორც უკიდურესად მძიმე.
„ირაკლი ცაავას მშობლებმა გადაწყვეტილება მიიღეს რომ შვილს თბილისში გადაიყვანდნენ, თუმცა გზაში 11.55 საათზე მისი მდგომარეობა კრიტიკული გახდა. რეანიმაციული ღონისძიებები 20 წუთის მანძილზე გრძელდებოდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად 4 მაისს 12.15 წუთზე სამედიცინო პერსონალმა, რომელიც მოზარდს აცილებდა, სიკვდილი დააფიქსირა“- ნათქვამია აფხაზეთის დე-ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქმა გიორგობის დღესასწაული პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს მიულოცა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: ლარის გაუფასურება არის იმ პოლიტიკის შედეგი რომელსაც 3 წელია ივანიშვილი და მისი გუნდი ატარებენ