“თაიმერის” მიერ გავცელებულ სკანდალურ ვიდეომასალაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განცხადებას ავრცელებს

სკანდალური საპატრულო ეკიპაჟი 305 - გიორგი ბაბუნაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ

"თაიმერის" სკანდალური ინფორმაცია რამდენიმე წუთში–სრული ვერსია2015 წლის 27 სექტემბერს საინფორმაციო სააგენტო “თაიმერმა” გაავრცელა პოლიციის ყოფილი უფროსი ლეიტენანტის გიორგი ბაბუნაშვილის მიერ შსს-დან წამოღებული ვიდეომასალა, რომელიც უწყებაში არსებულ კანონდარღვევებს ეხებოდა.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დღეს გავრცელებული განცხადებაშია ნათქვამი, “ბაბუნაშვილის შემთხვევა საქართველოში მამხილებლის დაცვის კანონმდებლობის ერთდროულად რამდენიმე ხარვეზს ავლენს. ეს ნორმები საქართველოში 2009 წლიდან მოქმედებს, თუმცა, არსებობს პრობლემები როგორც კანონმდებლობის შინაარსის, ისე პრაქტიკაში და მისი აღსრულების მხრივ”.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებებსა და რეკომენდაციებს საინფორმაციო სააგენტო “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ.

გიორგი ბაბუნაშვილის შემთხვევა პირველი არ არის, როდესაც არასრულყოფილი საკანონმდებლო რეგულაციების გამო საჯარო ინტერესის სასარგებლოდ მოქმედი საჯარო მოხელეები ვერ სარგებლობენ მამხილებლისთვის გათვალისწინებული დაცულობის სამართლებრივი გარანტიებით. მაგალითად, 2015 წლის მარტში, შსს-მ სამსახურიდან დაითხოვა პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი, რომელმაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ გივი თარგამაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩადენილი შესაძლო კანონდარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. უფრო მეტიც, მთავარმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხრა თანამშრომლის წინააღმდეგ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიება დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ ის გარემოება, რომ (მოქმედი კანონმდებლობის ხარვეზების გამო) ბაბუნაშვილი და ბაზიაშვილი მამხილებელთა დაცვის მექანიზმით ვერ სარგებლობენ, არ ნიშნავს, რომ მათი ქმედება კანონდარღვევა იყო.

როგორც გიორგი ბაბუნაშვილის, ისე რუსლან ბაზიაშვილის შემთხვევაში პოლიციის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეხება ისეთ სავარაუდო დარღვევას, რომელიც საჯარო ინტერესს ზიანს აყენებს. მსგავსი დარღვევების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების წახალისების მიზნით (რაც კორუფციის პრევენციის მნიშვნელოვანი მექანიზმია), აუცილებელია კანონმდებლობის ზოგიერთი ხარვეზის აღმოფხვრა. კერძოდ :

“საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონი, რომელიც ასევე მამხილებლის დაცვის რეგულაციებს მოიცავს, არ ვრცელდება შს და თავდაცვის სამინისტროებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაზე. კანონის მე-2011 მუხლის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში მხილების საკითხები უნდა დარეგულირდეს სპეციალური კანონმდებლობით, თუმცა ასეთი კანონმდებლობა დღემდე არ არის მიღებული. შესაბამისად, ამ უწყებებში ფაქტობრივად არ მოქმედებს კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი და მათი თანამშრომლები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ისარგებლონ სათანადო დაცვის გარანტიებით საზოგადოებრივი ინტერესის სასარგებლოდ ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში.

“საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის თანახმად, მხილების აქტად ითვლება მამხილებლის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება განცხადების განმხილველი ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის ან/და საქართველოს სახალხო დამცველისთვის. სამოქალაქო საზოგადოების ან მედიისთვის ინფორმაციის მიწოდება კი მამხილებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ განცხადების განმხილველი ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის ან სახალხო დამცველის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვეა გასული.

პარლამენტში ამჟამად განიხილება კანონპროექტი, რომელიც მამხილებლის დაცვის კანონმდებლობის რიგ დებულებებს აუმჯობესებს, მაგალითად, მამხილებელთა დაცვის ნორმები გავრცელდება ნებისმიერ პირზე (და არა მხოლოდ საჯარო მოსამსახურეებზე) და გაუქმდება ორთვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც მამხილებელს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება არ შეუძლია. ეს ცვლილებები უდავოდ წინ გადადგმული, თუმცა არასაკმარისი ნაბიჯია მამხილებელთა დაცვის უფრო მეტად ეფექტიანი სისტემის შექმნის მიმართულებით, რადგან ზემოთ განხილული პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება. ამდენად, აუცილებელია, რომ:

თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებზე გავრცელდეს მამხილებლის დაცვის არსებული კანონმდებლობა ან დროულად იქნეს მიღებული ამ უწყებებში მხილების საკითხების მარეგულირებელი შესაბამისი დებულებები, რომელიც დაეფუძნება საუკეთესო პრაქტიკას, გასაჯაროვდება და საზოგადოებასა და ამ უწყებაში დასაქმებულებს მიეწოდებათ სრულყოფილი ინფორმაცია მხილების პროცედურებზე. საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების სწორი ინფორმირების მნიშვნელობაზე ისიც მიუთითებს, რომ, მართალია მამხილებელთა დაცვის კანონმდებლობა საქართველოში 2009 წლიდან მოქმედებს, მაგრამ პრაქტიკაში ის არც ერთხელ გამოყენებულა.

პარლამენტში შეტანილი კანონპროექტით უქმდება ორთვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც, შესაბამისი უწყების მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მამხილებელს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება არ შეუძლია, თუმცა ბაბუნაშვილის შემთხვევა ცხადყოფს, რომ, (სულ მცირე, სამართალდამცავ ორგანოებში არსებული კანონდარღვევის გამჟღავნების შემთხვევაში მაინც) მამხილებელს უნდა შეეძლოს პირდაპირ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიმართვა. გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად საზოგადოების ინფორმირება გაზრდის მისი სათანადოდ წარმართვის გარანტიას. სამართალდამცავ ორგანოებში არსებული კანონდარღვევის გამჟღავნების შემთხვევაში, მამხილებლისთვის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის მიმართვის შესაძლებლობის მიცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ გადაცდომებს არა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, არამედ შიდაუწყებრივი სტრუქტურა (გენერალური ინსპექცია) იძიებს, რომლის საქმიანობა რიგ შემთხვევაში კითხვის ნიშნებს აჩენს.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს შემოთავაზებული ცვლილებების მიღება, რათა გაძლიერდეს მამხილებელთა დაცვის გარანტიები და წაახალისოს მხილების შემთხვევები, ამავდროულად, აუცილებელია საჯარო მოხელეებისა და საზოგადოების სათანადო ინფორმირებაზე ზრუნვა–ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებაში

 

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ხვალ სოზარ სუბარს ელოდებიან
შემდეგი სტატია,,რა იქნება მომავალში, წლების შემდეგ ამაზე ახლა ლაპარაკი არასერიოზულია”