„თავისუფალი დემოკრატები“ საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

„თავისუფალი დემოკრატები“ ქვეყანასა და მედიაში შექმნილ ვითარებას ეხმაურებიან და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

ამასთან დაკავშირებით, პარტიის წევრებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს. საზოგადოებას „თავისუფალი დემოკრატების“ პოზიცია, პარტიის ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააცნო.

„დღეს საქართველოში შექმნილია ძალიან მწვავე ვითარება. 3 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბერს ხალხმა მხარი „ქართულ ოცნებას“ იმიტომ დაუჭირა, რომ ჩვენ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულიყო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ხელისუფლებისადმი კრიტიკული აზრის დევნა, რასაც სისტემატურად აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“. ბოლო დროს მედიაში განვითარებული მოვლენები, კერძოდ ის, რაც ხდება „იმედში“, „მაესტროზე, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და „რუსთავი 2“-ზე შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ იმას, რომ არჩევნების წინ ხელისუფლებამ დაიწყო მედიაგარემოს თანმიმდევრული შეზღუდვა, მასზე კონტროლის დასამყარებლად. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოში ხელისუფლება ებრძვის სიტყვის თავისუფლებას, ანუ დემოკრატიას. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ ყოველთვის ვამბობდით, რომ „რუსთავი 2“ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიაა, მაგრამ „რუსთავი 2“ ხელისუფლების კონტროლს მიღმაა. დემოკრატიისთვის კი აუცილებელია ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედიასაშუალების არსებობა. მათ შორის ტელევიზიების არსებობა. დღეს საქართველოში, რუსთავი 2“-ის გარდა, არაერთი აშკარად მიკერძოებული მედიასაშუალება არსებობს. მათ შორის რომელთა სარედაქციო პოლიტიკა ქვეყნის სტრატეგიული ორიენტაციის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ამის მიუხედავად, მათი დამოუკიდებლობის შეზღუდვა ან თუნდაც შეზღუდვის მოთხოვნა ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია, ვიდრე ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ.

ჩვენ ვხედავთ, რომ პროცესები მკვეთრი დაპირისპირების გზით მიდის, რასაც ადვილად შეიძლება მოყვეს ძალადობრივი ქმედებები. მოვლენების ასეთი განვითარება ხელს აძლევს ორ პოლიტიკურ ძალას
– „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“. განსაკუთრებით შემაშფოთებელია 22 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა, რომელიც აშკარად შეიცავდა ძალადობისკენ მოწოდებას და ფიზიკური ანგარიშგებისკენ მოქალაქეების წაქეზებას. ჩვენთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებები შესაძლო მასობრივ გამოსვლებზე, რომელიც მათ ვიწროპარტიულ ინტერესს ატარებს.

ჩვენ, „თავისუფასლი დემოკრატები“ მივმართავთ ქვეყნის ყველა მოქალაქეს, გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, შეინარჩუნოს სიმშვიდე და იმოქმედოს გონების კარნახით, მხოლოდ კანონის ფარგლებში იმისათვის, რომ ყველა პროცესი ქუჩიდან შენობაში გადავიტანოთ.

ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ ვიწყებთ შეხვედრებს და მომდევნო დღეების განმავლობაში შევხვდებით სახალხო დამცველს, პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს და დიპლომატიურ კორპუსს. ჩვენი ლიდერი ირაკლი ალასანია კი ქვეყანაში და მათ შორის მედიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, შეხვედრებს მართავს აშშ-ში. მივმართავთ სასამართლო ხელისუფლებას და ვთხოვთ – ვინაიდან ვითარება ასე დაიძაბა, მოსარჩელე მხარის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს მისცეს სასამართლოს ყველა ინსტანციის გამოყენების კანონიერი დრო და შესაძლებლობა. მივმართავთ ხელისუფლებას და მოვუწოდებთ, გამოიჩინოს გონიერება და შეწყვიტოს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, შეწყვიტოს მოსახლობის დაპირისპირება, ვინაიდან ქვეყანაში მიმდინირე მოვლენებზე, ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ ხელისუფლებას“, – აცხადებენ „თავისუფალი დემოკრატები“.

banner
წინა სტატიაშიგაუპატიურებული კაცის დედა: სხვა რა გზა მაქვს? თან შემპირდა, პატარა სახლსაც გიყიდითო…
შემდეგი სტატია“ნამდვილად დასაგმობია განცხადება, პრემიერი ჩქარა უნდა გადადგეს”, – შალვა ნათელაშვილი