“თავისუფალი დემოკრატები” მარნეულის საკრებულოს სამმა დეპუტატმა და ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” სამმა წევრმა და ადგილობრივი ორგანიზაციის 300-მა წევრმა პარტია დატოვა და “ქართულ ოცნებაში” გადავიდნენ. განცხადება, მამედ მამედოვმა რამიზ გულმამედოვმა და ნიზამ ვალიევმა მარნეულის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთეს.
მარნეულის საკრებულოს სამივე დეპუტატი “თავისუფალი დემოკრატების” დატოვების მიზეზად, პოლიტიკური მოსაზრებების შეუთავსებლობას ასახელებენ და განმარტავენ, რომ მათთვის მიუღებელია ყოფილი თანაპარტიელი ლიდერების ქმედებები.
როგორც ,,ინტერპრესნიუსთან” საუბარში რამიზ გულმამედოვმა განაცხადა, პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების” რიგები მასთან ერთად კიდევ 300 წევრმა დატოვა.
“ჩვენ მხარს ვუჭერდით კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტიკურ კურსს და სწორედ ამიტომ ვიყავით ამ კოალიციაში შემავალი “თავისუფალი დემოკრატების” რიგებში. ,,თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური კურსი დღეს სრულიად ეწინააღმდეგება ,,ქართული ოცნების” კურსს, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ,,ქართული ოცნების” რიგებს შევუერთდეთ და დავტოვოთ ,,თავისუფალი დემოკრატების” რიგები. ამასთან ერთად, ,,თავისუფალი დემოკრატების” მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი იქნა არჩეული, რაც ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია,” – განაცხადა რამიზ გულმამედოვმა.

banner
წინა სტატიაში“თუ საპარლამენტო არჩევნებს ფეხბურთის არჩევნებივით ჩაატარებთ, არ გეგონოთ რომ ხავერდოვნად ჩაივლის!”
შემდეგი სტატია2 თვიანი წინასწარი პატიმრობა რუსთავი 2-ის მხარდაჭერისთვის