“თავისუფალი დემოკრატები” წყალტუბოს რაიონში საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და ნეპოტიზმზე საუბრობენ

“თავისუფალი დემოკრატები” წყალტუბოს რაიონში საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და ნეპოტიზმზე საუბრობენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა დღეს წყალყუბოს საკრებულოს ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე მაია შალამბერიძესა და ფრაქციის წევრ რატი ჟორჟოლიანთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
“2015 წლის იანვარში წყალტუბოს საკრებულოს გადაწყვეტილებით, შეიქმნა ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი და რასაც კენჭისყრისას “თავისუფალი დემოკრატებიც” დაეთანხმნენ. როგორც აღმოჩნდა, გამგეობამ ეს კეთილშობილური იდეაც გამოიყენა იმისთვის, რომ ცენტრში დასაქმებულიყვნენ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირები. დღემდე მიმდინარეობს იმ შენობის რემონტი, რომელშიც ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი უნდა განთავსდეს, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ არ ფუნქციონირებს, სოლიდური ხელფასებია გამოწერილი დირექტორზე, მის მოადგილესა და ბუღალტერზე. სხვათაშორის, დირექტორის მოადგილედ გამგებლის მოადგილის მეუღლე დაინიშნა”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა, რომლის განმარტებითაც, ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის აღნიშნულ თანამშრომლებზე გაცემული ხელფასები ყველაზე მაღალია, რაც ზოგადად გაიცემა წყალტუბოს გამგეობის სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომელზე.
მისივე განმარტებით, აღნიშნული ფაქტის განზოგადება შეიძლება მთელ იმერეთსა და სრულიად საქართველოზე.
“მე მესმის, რომ ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი კეთილშობილური იდეაა, მაგრამ ამ ბოლო დროს ყველა კეთილშობილური იდეა ასეთ მახინჯ სახეს იღებს. თქვენ რომ ყურადღებით შეისწავლოთ ვინ მუშაობს აიპ-ებში, შპს-ებში, სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში, მარტივად მიხვდებით, რომ უმეტეს შემთხვევაში, ეს ადამიანები არიან “ქართული ოცნების” ადგილობრივი ლიდერების, გამგებლების, მათი მოადგილეების, სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელების მეუღლეები, მამები, დედები და ა.შ. ყველაფერი ისევ უბრუნდება შორელ 90-იან და ავად სახსენებელ 2000-იან წლებს, როცა შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობების პერიოდშიც ასე იმართებოდა რაიონები. მინდა მივმართო იმერეთის გუბერნატორს, გაერკვეს რა ხდება – ნუთუ სხვა მიმართულებით არ შეიძლებოდა თანხების გადამისამართება?” – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“პოლიტიკოსის ცოლი თუ ხარ უნდა დაჯდე სამზარეულოში და ხაჭაპურები აცხო…”
შემდეგი სტატიანაძალადევში 400 ბავშვისთვის ახალი საბავშვო ბაღი შენდება