“თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივას მხარს უჭერენ

“თავისუფალი დემოკრატები” ქვეყანაში შექმნილ ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივას მხარს უჭერენ.
როგორც ჟურნალისტებს “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ განუცხადა, აღარავინ დავობს იმაზე, რომ შექმნილია ფინანსური კრიზისი. მისივე თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია მთავრობა, რომელსაც თუკი პრობლემის გადაჭრის რაიმე გეგმა გააჩნია, დროულად უნდა წარმოადგინოს.
“პარლამენტი კი არის ის ორგანო, სადაც ამ თემაზე დისკუსია უნდა მოეწყოს”, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ვიქტორ დოლიძემ.
“თავისუფალმა დემოკრატებმა” დაახლოებით ორი კვირის წინ ფრაქციის ფორმატში ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები მოიწვიეს. თუმცა, როგორც ვიქტორ დოლიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ისინი მათი მოთხოვნის მიუხედავად, ფრაქციის სხდომაზე არ მივიდნენ. გარდა ამისა, დოლიძის ცნობით, ფრაქციას ასევე სურს საგარეო საქმეთა მინისტრთან, თამარ ბერუჩაშვილთან და ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრა და მათი მოსმენა.

banner
წინა სტატიაში„ჩვენი კურსანტების დაკარგვა ქვეყნისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისია“
შემდეგი სტატიანემცოვის მკვლელობაზე გამოძიება 5 ეჭვმიტანილის დაპატიმრებას ითხოვს