თავდაცვის სამინისტროში ვაკანსიები გამოცხადდა

თავდაცვის სამინისტრო საკადრო პოლიტიკას საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ღიას და გამჭვირვალეს ხდის.

„გვსურს, ავამაღლოთ გამჭვირვალობისა და სამართლიანობის ხარისხი თავდაცვის სამინისტროში ახალი შტატების მიღებისას. სამინისტროს მოტივაციაა, გაიზარდოს უწყებაში არსებული ვაკანსიების ხელმისაწვდომობა, გარანტია მივცეთ საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით, ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომ კონკურსებში მონაწილეობის პროცესი იქნება სამართლიანი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ.
თავდაცვის სამინისტროში ვაკანსიების თემაზე გამართულ პრესკონფერენციას, ანა დოლიძესთან ერთად, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე და სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ბაქრაძე ესწრებოდა.
მინისტრის მოადგილეებმა დღეს, ის ოთხი მაღალი რანგის თანამდებობა დაასახელეს, რომელზეც სამინისტროში კონკურსი გამოცხადდა და რომელში მონაწილეობაც ყველა დაინტერესებულ პროფესიონალს შეუძლია – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი, ამავე ჰოსპიტლის დირექტორის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში, სამინისტროს ადმინისტრაციის პროტოკოლის უფროსი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი – აღნიშნულ პოზიციებზე თანამდებობების დაკავების მსურველებმა განაცხადი 14 სექტემბრამდე უნდა წარმოადგინონ.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძის განცხადებით, პროფესიონალი კადრებისთვის თავდაცვის სამინისტროს კარი ღიაა და კონკურსში მონაწილე ნებისმიერ პირს გამარჯვებისთვის თანაბარი შანსი ექნება.
„თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია სისტემის დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური ახლგაზრდა, ენერგიული კადრებით. სამინისტროში პერიოდულად ცხადდება კონკურსები. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამჟამად გამოცხადებულ ვაკანსიებზე არ არიან მოვალეობის შემსრულებლები და ამით მეტად იკვეთება თავდაცვის სამინისტროს სურვილი, მივიღოთ ახალი მაღალკვალიფიციური კადრები. ვიძლევით გარანტიას, რომ ყველას მიეცემა თანაბარი შანსი, რათა წარმოაჩინოს საკუთარი თავი, როგორც საუკეთესო კანდიდატი ამა თუ იმ თანამდებობაზე“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ბაქრაძემ მედიის წარმომადგენლებს, გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, თავდაცვის სამინისტრო მომავალშიც სისტემატურად გამოაცხადებს ვაკანსიებს, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაციის მოძიება საზოგადოებას შეუძლია თავდაცვის სამინისტროსა (mod.gov.ge) და საჯარო სამსახურის ბიუროს (hr.gov.ge) ვებ-გვერდებზე.
banner
წინა სტატიაშიჩიორა თაქთაქიშვილი – საპროკურორო საბჭო მხოლოდ ფიქცია იქნება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა