თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრობის პოსტებზე წარდგენილი თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი თავიანთ უწყებებში მისვლას ორშაბათს გეგმავენ

კანცელარია

თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრობის პოსტებზე წარდგენილი თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი თავიანთ უწყებებში მისვლას ორშაბათს გეგმავენ.
როგორც ხიდაშელმა და აგულაშვილმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადეს, სწორედ მომავალი კვირიდან შეუდგებიან მინისტრების რანგში ყოველდღიურ მუშაობას.
რაც შეეხება, უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, მათი ინფორმაციით, მთავრობის მეთაურთან შვიდი დღის განმავლობაში მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე შეთანხმდნენ.
“დღეს იყო პრემიერთან პირველი შეხვედრა და შევთანხმდით, 24/7 სამუშაო რეჟიმზე – ანუ 24 საათიან რეჟიმში მუშაობაზე 7 დღის განმავლობაში. ასევე შევთანხმდით მუდმივ კონტაქტზე, მუდმივ კონსულტაციასა და ერთობლივ საქმიანობაზე. გავიარეთ რამდენიმე ის ღონისძიება, რომელიც სასწრაფოდ იყო გასავლელი. ამის მერე კი პირველი რიგის ამოცანაა სამინისტროში მისვლა, რაც დაგეგმილია ორშაბათს, 10.00 საათზე, თავდაცვის სამინისტროში მე და ბატონი მინდია ჯანელიძე ერთად მივალთ და ის ოფიციალურად გადმომაბარებს სამუშაო ოთახს და სამუშაო რეჟიმს”, – განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.
გიგლა აგულაშვილის განმარტებით, ის გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ორშაბათს, ყოფილ მინისტრ ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად გაეცნობა.
“მეც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პრემიერთან შეხვედრაზე შევთანხმდით 24/7 სამუშაო რეჟიმზე. რაც შეეხება სამინისტროში მისვლას, მეც ყოფილ მინისტრ ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად ვაპირებ, რომ კოლექტივს ორშაბათს გავეცნო და ამის შემდგომ დავიწყო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობა”, – აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღესვე სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე წარდგენილ ტარიელ ხეჩიკაშვილსაც შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიოთარ კუშანაშვილი უკრაინიდან გააძევეს
შემდეგი სტატიაროგორ წვრთნიან ამერიკელები უკრაინულ გვარდიას (VIDEO)