ზურაბ ჯაფარიძე: შემუშავებული გვაქვს სამმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებად დაყოფაზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემის მოდელი

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

,,ახალი პოლიტიკური ცენტრის” წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ საარჩევნო სისტემაში დაგეგმილ ცვლილებთან დაკავშირებით პარლამენტში განცხადება გააკეთა.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ხელისუფლება არ აპირებს რეალური ცვლილებების გატარებას.
“3 სექტემბერს, “ქართული ოცნების” დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საარჩევნო სისტემის შესახებ. აღნიშნული ინიციატივით საზოგადოებისთვის ცხადი გახდა, რომ ,,ქართული ოცნება” მზად არის გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო მოდელზე მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს ნიშნავს რომ ხელისუფლება არ აპირებს რეალური ცვლილებების გატარებას არსებულ საარჩევნო სისტემაში და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ისევ ძველი ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მოდელით, რომელსაც ,,ქართულ ოცნებაში” შემავალი ყველა პარტია წლების განმავლობაში მოიხსენიებდა “ხელისუფლებაზე მორგებულ” მოდელად. ეს ასევე ნიშნავს, რომ ,,ქართულ ოცნებას” უნდა ჰქონდეს გარანტირებული გამარჯვება უკლებლივ ყველა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში და წინასწარ გამოიწეროს 73 საპარლამენტო მანდატი.
მეორე მხრივ, ,,ნაციონალური მოძრაობა” და არასაპარლამენტო ოპოზიცია სთავაზობს ხელისუფლებას ახლავე გადავიდეთ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რასაც სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები და ყველასთვის ცხადია, რომ ასეთ ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, მაისში მიღებული გადაწყვეტილებით, გააუქმა ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები და ხელისუფლებას დაავალა ამ საარჩევნო მოდელის გადასინჯვა. რეალურად სახეზეა ჩიხური სიტუაცია.
,,ახალი პოლიტიკური ცენტრი” სთავაზობს ყველა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიას, ისევე როგორც საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, გავხსნათ დისკუსია მაჟორიტარული მანდატების განაწილების წესთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს შემუშავებული სამმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებად დაყოფაზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემის მოდელი, რომელიც ერთი მხრივ, დღევანდელ მოდელთან შედარებით უზრუნველყოფს საარჩევნო ხმის თანასწორობის პრინციპს, როგორც ამას ურჩევენ საქართველოს ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტები, ხოლო მეორე მხრივ, არ მისცემს გამარჯვებულ პარტიას შესაძლებლობას დაისაკუთროს მაჟორიტარული მანდატების 2/3-ზე მეტი, რაც შესაბამისად, და სამართლიანად, გაზრდის ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარულ წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტები მედიაში მიმდინარე მოვლენებზე მსჯელობენ
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: ქალაქის ბიუჯეტი რეზინის არ არის, რომ ის გაწელონ