ზურაბ ჭიაბერაშვილი: ეგონათ, რომ ებრძოდნენ სააკაშვილს, სინამდვილეში გააღარიბეს მთელი საქართველო

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ეხმაურება. ჭიაბერაშვილი ვრცელ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, ხელისუფლებას ჰგონია ებრძვიან გიორგი ქადაგიძეს, სინამდვილეში კი ქვეყნის ფუნდამენტს ანგრევს. ჭიაბერაშვილის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ლარის გამყარების კუთხით არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა, ახლა კი მისი თქმით, მთავრობას მიზნად აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გაფრთხილების მიუხედავად, ქვეყნის ფუნდამენტის -ეროვნული ბანკის – მოშლა და ინვესტორთა კიდევ უფრო დაფრთხობა.

“არცერთი ნაბიჯი, რომელიც მთავრობას უნდა გადაედგა და რომელიც ლარს დაიკავებდა ტურიზმის საზაფხულო ტალღის გადავლის შემდეგ, არ გადადგმულა. შესაბამისად, ზამთარში ლარის შემდგომი დაცემა გარდაუვალია. ამას ემატება, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გაფრთხილების მიუხედავად, ქვეყნის ფუნდამენტის -ეროვნული ბანკის – მოშლა და ინვესტორთა კიდევ უფრო დაფრთხობა. 2015-2016 წლების ზამთრის სიმძიმე შეეხება ყველას. თუმცა არავის გაახსენდება ტყემალაძე და მეჭიაური. გაახსენდებათ ივანიშვილი. რა უნდა ვთქვა მეტი, გარდა მორიგი გაფრთხილებისა. ჰგონიათ, რომ ებრძვიან ქადაგიძეს. სინამდვილეში, ქვეყნის ფუნდამენტს ანგრევენ. ეგონათ, რომ ებრძოდნენ უგულავას. სინამდვილეში, უთავბოლოებს ანდეს ქალაქი. ეგონათ, რომ ებრძოდნენ სააკაშვილს. სინამდვილეში, გააღარიბეს მთელი საქართველო,”-აცხადებს ჭიაბერაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთი კრედიტორების მოთხოვნებზე რეფერენდუმს ჩაატარებს
შემდეგი სტატიასაერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები ირაკლი ღარიბაშვილს და დავით უსუფაშვილს კრიტიკულ წერილს უგზავნიან