ზურაბ აბაშიძე: თუ ვინმემ ვერ გაიგო რას გულისხმობდა კვირიკაშვილი, მესამე კლასის გეოგრაფიის წიგნი უნდა იყიდოს

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე დარწმუნებულია, რომ ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ახალ საქმიანობას თავს ძალიან კარგად გაართმევს.

როგორც ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადიდგა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების თვალსაზრისით, მომავალ წელს კი, სერიოზული სიახლეები იქნება ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით.

„ამავე დროს ვცდილობთ, რომ ზედმეტ კონფროტაციაში არ შევიდეთ რუსეთთან, გავაგრძელოთ დიალოგი და რა საკითხების მოგვარებაც შეიძლება მოვაგვაროთ. ჯერჯერობით ნორმალურად მივდივართ, სრული მხარდაჭერა გვაქვს დასავლელი პარტნიორების მხრიდან“, – აღნიშნა აბაშიძემ

აბაშიძემ საგარეო უწყების ახალი ხელმძღვანელის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებებაზეც გააკეთა განმარტება, რომლის თანახმადაც, პროდასავლური მიმართულების გარდა მსოფლიოში ბევრი საინტერესო, რამ ხდება და მაგალითად კვირიკაშვილმა ევრაზიული კონტინენტი ახსენა.

„ევრაზიულ კონტინენტს რაც შეეხება, თუ ჩვენმა, რომელიმე ოპონენტმა ვერ გაიგო რას გულისხმობდა საგარეო საქმეთა მინისტრი, აუცილებლად უნდა იყიდოს მესამე კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელო, იქ ძალიან კარგად არის დახატული რას წარმოადგენს ევრაზიული კონტინენტი. ისე წინდაწინ გაგიმხელთ საიდუმლოს – ევრაზიული კონტინენტი შედგება, ევროპისა და აზიისგან“, – განაცხადა აბაშიძემ.

კითხვაზე აპირებს, თუ არა ხელისუფლება ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობას, აბაშიძემ აღნიშნა, რომ ევრაზიული კავშირი და ევრაზიის კონტინენტი სხვადასხვა რამაა.

„ევრაზიული კონტინენტი არის ერთი რამ, რომელზეც არის უამრავი საერთაშორისო, რეგიონალური თუ სხვა სახის ორგანიზაცია და თუ რაღაც ვინმემ ვერ გაიგო, ეს ძალიან ლამაზადაა დახატული გეოგრაფიის სახელმძღვანელოში“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძე.

რაც შეეხება, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან თამარ ბერიუჩაშვილის გათავისუფლებას, აბაშიძემ აღნიშნა, რომ მან პოსტზე ძალიან კარგად იმუშავა, დიდი გამოცდილება აქვს და ამ გამოცდილებას მომავალშიც გამოიყენებს.

banner
წინა სტატიაშილადო ჭანტურია: გვეუბნებიან, რომ მიგრაციის პრობლემა ვიზალიბერალიზაციას ხელს არ შეუშლის
შემდეგი სტატიაევროკავშირმა რუსეთს სანქციები შესაძლოა 2016 წლის მარტამდე გაუხანგრძლივოს