ზოოპარკი ფუნქციონირებას დღეიდან განაახლებს

ქართველმა ახალგაზრდებმა ზოოპარკის დასახმარებლად ინტერნეტ კამპანია დაიწყეს

13 ივნისის სტიქიიდან ზუსტად 3 თვის შემდეგ, თბილისის ზოოლოგიური პარკი ფუნქციონირებას დღესს, 13 სექტემბერს განაახლებს.
თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზოოპარკი დამთვალიერებლებისთვის 10:00 საათიდან გაიღება. 12:00 საათზე დაგეგმილია გახსნის ოფიციალური ნაწილი, რომლის ფარგლებშიც ფოტოგამოფენა მოეწყობა და დამსწრე საზოგადოებას ზოოპარკის ხელმძღვანელობა განვლილი 3 თვის მანძილზე განხორციელებული სამუშაოების ანგარიშსა და სამომავლო გეგმებს გააცნობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მოწესრიგდა ზოოპარკის ზედა ნაწილი. ვიზიტორები ტერიტორიის მხოლოდ ამ მონაკვეთის დათვალიერებას და გადარჩენილი ცხოველების მონახულებას შეძლებენ. სტიქიის შედეგად მთლიანად განადგურებული ქვედა ტერიტორიის აღდგენა და აღნიშნულ ადგილზე ახალი ვოლიერების მშენებლობა არ იგეგმება.
თბილისის ზოოპარკის გადატანის პროექტი თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე უკვე დამტკიცებულია, თუმცა იმ რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ახალი ზოოპარკის აშენებისთვის იქნება საჭირო, ზოოპარკი ფუნქციონირებას ძველ მისამართზე განაგრძობს.
“ზოოპარკის გახსნა სიმბოლურად დაიგეგმა 13 სექტემბერს, როდესაც სრულდება ზუსტად 3 თვე 13 ივნისის სტიქიის შემდეგ. ამჟამად ინტენსიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ზოოპარკს დაუბრუნდეს ჩვეული ხალისი და ის კვლავაც იყოს არა მხოლოდ ბავშვების, არამედ უფროსების საყვარელი ადგილი. 2016 წლის გაზაფხულისთვის ვგეგმავთ ახალი ცხოველების ჩამოყვანასაც. ამ ტრაგედიის შემდეგ ზოოპარკში უკვე შეგვეძინა რამდენიმე ახალშობილი, ასე რომ, სიცოცხლე გრძელდება. ველით ყველას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ზოოპარკი ისევ ძველებურად ხალხმრავალი ადგილი გახდება”, _ აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2 შენთვის” – ტელეკომპანიის კონცერტი ქუთაისში
შემდეგი სტატიაბათუმში ქვეითად მოსიარულე მამაკაცს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა