ვლადიმერ პუტინი ლეონიდ თიბილოვს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს შეხვდა. ამის შესახებ კრემლის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და რუსეთსა და ცხინვალს შორის გაფორმებული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ შეთანხმების განხორციელებაზე იმსჯელეს.

“ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდა. როგორც იცით, მე მივეცი დავალება შესაბამის მინისტრებს და დეპარტამენტებს, რათა იმუშაონ სამხრეთ ოსეთის უწყებებთან”, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა შეხვედრისას.

თავის მხრივ, ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ ცხინვალსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა.

“მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, განხორციელებას ელოდება. სამხრეთ ოსეთში ჩვენ ვმუშაობთ საინვესტიციო პროგრამების განხორციელებაზეც, რაც ასევე ჩვენი რუსი კოლეგების დახმარებით დაიწყო”, – განაცხადა თიბილოვმა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთმა და რუსეთმა თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. შეთანხმებას ხელი 2015 წლის მარტში მოაწერეს. მანამდე მოსკოვმა მსგავსი დოკუმენტი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთანაც გააფორმა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი – საჰაერო თავდაცვით სისტემებზე ვინც ისაუბრა, ისაუბრა იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლებოდა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – დავუდასტურე ჩემს კოლეგას, რომ საქართველოს არჩევანი მდგომარეობს ევროპული კურსის ურყევობაში