ვიქტორია ნულანდი – რუსეთის ქმედებები ამ ქვეყნის მიმართ ნდობის აღდგენას ხელს არ უწყობს

რუსეთის ქმედებები ხელს არ უწყობს ამ ქვეყნის მიმართ ნდობის აღდგენას, – ამის შესახებ რადიო “თავისუფლების” ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ვიქტორია ნულანდმა ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ნულანდის თქმით, რუსეთმა უარი თქვა ესაუბრა საქართველოსა და მოლდოვაში განლაგებული თავისი ჯარების არსებობაზე.
“ჩვენ გვინდოდა გაგვეკეთებინა მეტი, მაგრამ ამისთვის საჭიროა ნდობა და სიმართლე. ვერ მოიპოვებ ნდობას, თუ სიმართლეს თვალებში არ ჩახედავ, ამიტომაც როდესაც ქვეყანა უარყოფს, რომ მას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჯარები ჰყავს, არ იქნება ნდობა”, – აღნიშნა ვიქტორია ნულანდმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა რუსეთი გლობალურ პროცესებში ჩართულიყო, თუმცა მოსკოვმა სხვა გზა აირჩია.
“ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ რუსეთს სურდა ეცხოვრა ისეთ ქვეყანაში, სადაც ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა არ არის შესაძლებელი, რომ რუსეთს სურდა ისეთი საზოგადოების შექმნა, სადაც ყველა ადამიანის უფლება იქნებოდა დაცული მიუხედავად მისი კანის ფერისა და რელიგიისა, სადაც მედია იქნებოდა თავისუფალი, სადაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის წესებით ვისარგებლებდით, სადაც დაბალი ტარიფებია” , – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა